ნაზი ბეზე ან მერენგა ფრანგულად: გემრიელი დესერტი და ტორტის გასაფორმებელი

828

მერენგა ან, როგორც ჩვენთან ამბობენ, ბეზე დახვეწილი დესერტია, რომელიც შეიძლება იყოს დამოუკიდებელი დესერტი და სხვადასხვა ტორტისა და ნამცხვრისთვის გასაფორმებელი.

მსუბუქი, პირში მდნობი, ფხვიერი დესერტის მომზადება რთული არაა, თუ Gastronomia.ge-ს რამდენიმე მარტივ წესს დაიცავთ.

ინგრედიენტები:

  • 3 კვერცხის ცილა
  • 100 გრ შაქარი
  • 8 გრ ვანილის შაქარი
  • მწიკვი მარილი
  • 100 გრ შაქრის ფხვნილი
  • 5 წვეთი ლიმონის წვენი
  • სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ საკვები საღებავით შეღებოთ.

მომზადების წესი:

ყურადღება! ჭურჭელი და ნებისმიერი სხვა აქსესუარი, რომელსაც ბეზეს მოსამზადებლად გამოიყენებთ, მშრალი უნდა იყოს.

  1. კვერცხის გული და ცილა დააცალკევეთ. კვერცხის ცილაში არც ერთი წვეთი კვერცხის გული არ უნდა მოხვდეს.
  2. კვერცხის ცილა მიქსერით საშუალო სიჩქარეზე აქაფებამდე ათქვიფეთ. მწიკვი მარილი და ლიმონის წვენი (ლიმონმჟავა) დაუმატეთ, რომ კარგად აითქვიფოთ.
  3. ათქვეფა გააგრძელეთ და ნაწილ–ნაწილ შაქარი დაუმატეთ.
  4. მიქსერის ბრუნვა თანდათან მაქსიმალურ სიჩქარემდე გაზარდეთ.
  5. ცილოვანი მასა შაქრის სრულად გახსნამდე ათქვიფეთ.
  6. ამის შემდეგ ნაწილ–ნაწილ შაქრის ფხვნილი დაუმატეთ და ათქვეფა გააგრძელეთ.
  7. ცილოვანი მასა მყარი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ. (დაახლოებით 12 წუთი სჭირდება).
  8. ათქვეფილი ცილოვანი მასა საკონდიტრო ტომარაში მოათავსეთ.
  9. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და საკონდიტრო ტომრიდან ბეზეს ფორმები დააწყვეთ.
  10. 100 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ბეზე 2 საათით გამოაშრეთ.
  11. 2 საათის შემდეგ მერენგას მომზადება შეამოწმეთ. ის მშრალი უნდა იყოს.
  12. ღუმელი გამორთეთ, ბეზე ღუმელში სრულ გაგრილებამდე დატოვეთ. გემრიელად მიირთვით!