დო ძალიან პოპულარული პროდუქტი იყო საქართველოში. იმდენად, რომ ზოგიერთ ქართულ ფრაზეოლოგიაშიც არის შემორჩენილი. მაგალითად, “დოყლაპია” ისეთი ადამიანია, რომელსაც ბევრი არაფერი შეუძლია, დაბდურა და დაბნეულია. სამაგიეროდ “დოს” შეჭამანდია უგემრიელესი.
ინგრედიენტები:
- მაწონი – 2 ლიტრი
- ხახვი – 1 ცალი (მოზრდილი თავი)
- კარაქი – 50 გ
- ფქვილი – 50 გ
- წყალი – 1 ლ
- კვერცხი – 2 ცალი
- ქინძი – 30 გ
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- ჩაასხით მაწონი მოზრდილ ქვაბში, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და ხანგრძლივად ანჯღრიეთ, სანამ კარაქი არ შეიდღვიბება. მიღებული კარაქი გადაწურეთ საწურზე, დარჩენილი რძისფერი სითხე (დო) ჩაასხით ქვაბში და გრილ ადგილას 2-3 დღე თავდახურული გააჩერეთ. შემდეგ წამოადუღეთ ნელ ცეცხლზე. დუღილის პროცესში დო აიჭრება და მიიღებთ ხაჭოს მსგავს მასას. ადუღებული, ცხელი, აჭრილი მასა გაწურეთ საწურზე და გამოიყენეთ დოს შეჭამანდის მოსამზადებლად.
იმ შემთხვევაში, თუ ვერ შეძლებთ მაწონის შედღვებას, დო ჩაანაცვლეთ შემდეგი ინგრედიენტებით:
- ხაჭო – 250 გ
- ნადუღი – 200 გ
- მაწონი – 150 მლ
- არაჟანი – 50 გ
ჩამოთვლილი ინგრედიენტები კარგად აურიეთ ერთმანეთში და გამოიყენეთ დოს შეჭამანდის მოსამზადებლად.
2. საშუალო ზომის ქვაბში წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ კარაქთან ერთად გაოქროსფერებამდე, დაამატეთ წამოდუღებული დოსგან მიღებული ხაჭოსებრი მასა და მოურიეთ. დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი. შემდეგ ჩაამატეთ წინასწარ მომზადებული პურის ფქვილის სოუსი (ჩაყარეთ ფქვილი პატარა თასში და გახსენით ცოტაოდენ თბილ წყალში. წყალი დაამატეთ იმდენი, რომ მიიღოთ სქელი კონსისტენციის ნაღები) და წრიულად ურიეთ. დაელოდეთ წამოდუღებას და მალევე შეურიეთ გათქვეფილი კვერცხი, თან კვლავ გამუდმებით ურიეთ. ბოლოს შეაზავეთ მარილით, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი და გადმოდგით ცეცხლიდან.
სასურველია, 10-15 წუთით კერძი თავდახურულ ქვაბში გააჩეროთ და მხოლოდ შემდეგ მიირთვათ.