4 კივით იდეალურ კრემს ვამზადებ. კარაქის კრემის ჯანსაღი ალტერნატივაა

174

იცით თუ არა, რომ 100 გ კივი თითქმის ორჯერ მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ერთი საშუალო ზომის ფორთოხალი? ამ გემრიელი მწვანე ნაყოფის რეგულარული მოხმარება ორგანიზმს ეხმარება, რომ სხვადასხვა ვირუსებს და სურდოს უკეთ შეებრძოლოს. კივი ფოლიუმის მჟავის, უჯრედისის და ანტიოქსიდანტების შესანიშნავი წყაროა, რაც იმუნიტეტს თითქმის დაუმარცხებელს ხდის.

კივის, ნაღების და ყავისფერი შაქრის კრემი უმი კვერცხის, ცხიმიანი კარაქის და ბევრი შაქრის კრემის ჯანსაღი და გემრიელი ალტერნატივაა. ჰაეროვანი, ზომიერად ტკბილი, ეკონომიური და მარტივად მოსამზადებელია. Gastronomia.ge–ს რედაქცია იმედოვნებს, რომ ეს შესანიშნავი კრემი მოგეწონებათ და ახლობლებს აუცილებლად გაახარებთ.

კივის სქელი კრემი: მომზადების მომენტები

დაგჭირდებათ ხელმისაწვდომი პროდუქტები, ბლენდერი, მიქსერი და საკონდიტრო ტომარა. დაგვეთანხმეთ, ეს ყველაფერი სახლში ყველა თავმოყვარე დიასახლისს აქვს. მზა კივის კრემი ცალკე შეგიძლიათ მიირთვათ ან ტორტის ან ნამცხვრის შემავსებლად გამოიყენოთ. კრემის გასასქელებლად გამოიყენება სიმინდის სახამებელი, მაგრამ 100 გ ფქვილით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ.

ინგრედიენტები:

  • 500 გ კივი
  • 50 მლ ლიმონის წვენი
  • 50 გ სიმინდის სახამებელი
  • 250 გ ნაღები
  • 2 ს/კ ყავისფერი შაქარი
  • 300 მლ რძე
  • 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი

მომზადების წესი:

1. კივი გათალეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით. ქვაბი მოამზადეთ და ქურაზე დადეთ. დაჭრილი ხილი ჩაყარეთ და ყავისფერი შაქარი დაუმატეთ.

2. დაახლოებით 2 წუთი ხარშეთ. ნახევარი ლიმონის წვენი ჩაასხით და საშუალო ცეცხლზე კიდევ 1 წუთი ხარშეთ.

3. ერთიანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. ასე მიიღებთ კივის თხელ პიურეს. ამ ეტაპზე სიმინდის სახამებელი და ნახევარი რძე დაუმატეთ. სათქვეფით აურიეთ.

4. ვანილის ესენცია და დარჩენილი რძე დაუმატეთ. აურიეთ. 1–2 წუთი საშუალო ცეცხლზე ხარშეთ, სანამ არ გასქელდება.

5. კივის კრემი მინის ან ფოლადის თასში გადაიტანეთ. პარკი დააფარეთ და 2 საათი გაგრილება აცადეთ.

6. შემდეგ ცივი ნაღები (33%–იანი) აიღეთ და მიქსერით რბილი პიკის მიღებამდე 3 წუთი ათქვეფეთ. ცივი კივის კრემიც მიქსერით ათქვეფეთ, რომ ნაღების დამატებამდე კრემისებრი გახდეს.

7. თანდათან ორი მასა გააერთიანეთ, რომ ლამაზი ერთიანი კრემი მიიღოთ. ბოლოს სილიკონის სპატულით აურიეთ და საკონდიტრო ტომარაში გადაიტანეთ.

მითითებული რაოდენობის კრემი საკმარისია, რომ 18-20 სმ დიამეტრის ტორტის ბისკვიტს წაუსვათ. მზა კრემი მაცივარში 5 დღე შეგიძლიათ შეინახოთ.