კვერცხი შეუცვლელი პროდუქტია და აბსოლუტურად დამსახურებულად ფიგურირებს იდეალური საუზმის პროდუქტთა სიაში. დღის დასაწყისში მისი მიღება დაგვეხმარება, რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ გონებრივი და ფიზიკური აქტივობა.
კვერცხისგან დამზადებული კერძები მდიდარია ცილებით, D და B12 ვიტამინებით, ამინომჟავებითა და ანტიოქსიდანტებითაც კი. კვერცხი შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, თუთიას, ფოსფორსა და რკინას.
მაგრამ ყოველდღიურად მხოლოდ შემწვარი კვერცხის, ომლეტის და მოხარშული კვერცხის ჭამა არ შეიძლება. ამ პროდუქტისგან მრავალფეროვანი და გემრიელი კერძების მომზადებაა შესაძლებელი. ამის დასამტკიცებლად, ჩვენმა რედაქციამ მოიძია ოცზე მეტი რეცეპტი, რომლებიც აუცილებლად უნდა მოამზადოთ!
გემრიელი კერძები კვერცხისგან
კვერცხი თურქულად
ინგრედიენტები
- 250 გრ ნატურალური იოგურტი
- 4 ც კვერცხი
- 1 ჩ.კ. პაპრიკა
- 1 ს.კ. მცენარეული ზეთი
- მარილი გემოვნებით
- 1 კბილი ნიორი
- რამდენიმე ცალი რეჰანის ფოთოლი
მომზადების წესი
- გაასუფთავეთ ნიორი, წვრილად დაჭერით და იოგურტს შეურიეთ. მოაყარეთ მარილი და პაპრიკა გემოვნებით.
- გადაანაწილეთ 4 სხვადასხვა პატარა ზომის თასში და 10 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე გამოაცხვეთ.
- ღრმა ტაფაში ჩაასხით წყალი დაახლოებით 5 სმ-მდე, აადუღეთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და წყალში კვერცხი ჩაატეხეთ, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 3 წუთით.
- ნახვრეტებიანი კოვზით გადაიტანეთ კვერცხი თეფშზე და გააგრილეთ.
- ერთმანეთს შეურიეთ მცენარეული ზეთი, მარილი და პაპრიკა.
- იოგურტს დაუმატეთ რეჰანი და კვერცხი.
- ზემოდან დაასხით ზეთი რეჰანით. გემრიელად მიირთვით!
კვერცხი ტომარაში
მოხარშული კვერცხი ტომარაში – ეს არის მოხარშული კვერცხი, რომელშიც კვერცხის გული ცენტრში სრულიად თხევადია, კიდეები – გაცილებით მაგარი, ცილა კი მთლიანად მაგარი და მყარია.
იმისთვის, რომ კვერცხი ტომარაში სწორად მოამზადოთ, ქვაბში წყლის ადუღების შემდეგ 5 წუთის განმავლობაში უნდა ხარშოთ იგი.
კვერცხი ფლორენციულად
ინგრედიენტები
- 2 ც კვერცხი
- 200 გრ ახალი ისპანახი
- 4 ს.კ. ნაღები
- 2 ს.კ. გახეხილი პარმეზანი
- 40 მლ ზეითუნის ზეთი
- 1 კბილი ნიორი
- მარილი გემოვნებით
- 2 ნაჭერი თეთრი პური
- ტაფაზე მოთუშეთ ისპანახი ზეითუნის ზეთში, სანამ დარბილდება.
- ისპანახი გადაანაწილეთ ცეცხლგამძლე ფორმებში.
- ფრთხილად ჩაატეხეთ კვერცხი ისპანახს ისე, რომ კვერცხის გული მთელი დარჩეს.
- კვერცხს ნაღები მოასხით და გახეხილი პარმეზანი მოაყარეთ.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 8-10 წუთით.
- პური შეწვით და ნიორი შეაზილეთ.
- გემრიელად მიირთვით!
კოკოტის კვერცხი
ამ კერძს სპეციალურ ფორმებში ამზადებენ ხორცის, ლორის, ბოსტნეულის და სოკოს შიგთავსის დამატებით. თავდაპირველად ჭურჭელში ათავსებენ შიგთავსს, შემდეგ კი ზემოდან კვერცხს ასხამენ. ამის შემდგომ კოკოტს ღუმელში აცხობენ.
“კროქ-მადამი”
კროქ-მადამი (ფრანგულად croque-madame) – საფრანგეთში ცნობილი ცხელი სენდვიჩია. იგივე, როგორც სენდვიჩი ლორით, ყველით, ბეჩამელის სოუსით და შემწვარი კვერცხით. სანამ ერთ ტაფაზე სენდვიჩი იბრაწება, მეორე ტაფაზე უნდა შეწვათ კვერცხი.
კვერცხი მხოლოდ ერთ მხარეს იწვება, და მნიშვნელოვანია, რომ იგი იყოს არა უმეტეს პურის ზომისა, კვერცხის გული კი მთელ მდგომარეობაში უნდა დარჩეს. მოათავსეთ შემწვარი კვერცხი სენდვიჩზე, მოასხით სოუსი და მორჩა! შეგიძლიათ მიირთვათ.
შემწვარი კვერცხი “Sunny side up”
ცხელ ტაფაზე დაასხით ცოტაოდენი ზეთი, შემდეგ პირდაპირ მასზე მოათავსეთ კვერცხი. როდესაც კვერცხის ცილის კიდეები მოყავისფრო ფერს მიიღებს, ფრთხილად აიღეთ კვერცხი ბრტყელი კოვზით და თეფშზე ან პურის ტოსტზე მოათავსეთ.
კვერცხის გული და ცილის დაახლოებით 10-30% ნახევრად უმი უნდა იყოს. ასე შემწვარმა კვერცხმა სახელწოდება მისი გარეგნობის გამო მიიღო. იგი მზეს მოგაგონებთ თეთრი ღრუბლების ფონზე.
ასე შემწვარი კვერცხი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია აშშ-ში.
ომლეტი
ომლეტი მარტივ და მოსახერხებელ კერძად ითვლება. თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ იგი ფუმფულა, ჰაეროვანი იყოს, უმეტეს შემთხვევაში მშრალი და მჭიდრო გამოდის.
იმისთვის, რომ ომლეტი ფუმფულა და ძალიან გემრიელი გამოვიდეს, უნდა დაიცვათ რამდენიმე წესი.
გახსოვთ ომლეტი, რომელსაც საბავშვო ბაღში ამზადებდნენ? სქელი, წვნიანი, პატარა ბუშტუკებით და მადისაღმძვრელი ფერით.
ვიეტნამური ბლინები კრევეტებით
ვიეტნამური ბლინები Banh Xeo შეიცავს შემწვარი კრევეტების, ღორის ხორცის, ლობიოს მარცვლების და კვერცხის შიგთავსს. ყველა ინგრდიენტს ახვევენ ბრინჯის ქაღალდში მწვანილით და ჭამამდე ცხარე სოუსში იჟღენთება.
სქრემბლი პარმეზანით
სქრებლი (ინგლისურად scrambled eggs) – პოპულარული ევროპული კერძია. რომლის მომზადების ხრიკებსაც ჩვენს საიტზე იპოვით.
კვერცხი პაშოტი
კვერცხი პაშოტი იდეალური კერძია მათთვის, ვინც ფიგურის შენარჩუნებას ცდილობს, მაგრამ კვერცხის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია.
ინგრედიენტები
- 4 ც კვერცხი
- 2 ლ წყალი
- 4 ჩ.კ. მარილი
- 4 ს.კ. ძმარი
- ჩაასხით წყალი ქვაბში, დაუმატეთ მარილი და ძმარი. აადუღეთ.
- როგორც კი წყალი დუღილს დაიწყებს, მინიმუმამდე შეამცირეთ ცეცხლის სიმძლავრე. წყალს ბუშტუკები არ უნდა ქონდეს.
- მაშინვე ჩაატეხეთ კვერცხი ჩამჩაში ან პატარა ფინჯანში. ჩამჩა ფრთხილად ჩადეთ ადუღებულ წყალში და ნელა ჩაასხით კვერცხი მასში. იგივე გაიმეორეთ თითოეული კვერცხით და შეეცადეთ, რომ ისინი ერთმანეთს არ შეეხოს.
- მოხარშეთ კვერცხი 1 წუთის განმავლობაში.
- 60 წამის შემდეგ ნახვრეტებიანი კოვზით ქვაბიდან ამოიღეთ მოხარშული კვერცხი და ყინულიან წყალში მოათავსეთ. კვერცხი პაშოტი მზადაა. გემრიელად მიირთვით!
ნახევრად მოხარშული კვერცხი
ნახვრეტებიანი კოვზით ფრთხილად მოათავსეთ ოთახის ტემპერატურის კვერცხი ადუღებულ მარილიან წყალში. მოხარშეთ დაახლოებით 4 წუთის განმავლობაში. როგორც კი საჭირო დრო გავა, კვერცხი ცივ წყალში მოათავსეთ.
კარგად მოხარშული კვერცხი
იმისთვის, რომ ქათმის კვერცხი კარგად მოხარშოთ, წყალი უნდა აადუღოთ და კვერცხი 8-10 წუთის განმავლობაში უნდა მოხარშოთ. ახალთახალი საშინაო ქათმის კვერცხი კი 13 წუთის განმავლობაში უნდა მოიხარშოს.
ყველის ტოსტი კვერცხით
ინგრედიენტები
- 1 ც კვერცხი
- 1 პურის ნაჭერი
- 1 ნაჭერი ყველი
- 1 ჩ.კ. კარაქი
- მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
- ტოსტერში ან ტაფაზე გაახმეთ პური.
- მოათავსეთ მასზე ყველის ნაჭერი. გაადნეთ ყველი მიკროტალღურ ღუმელში.
- მოამზადეთ კვერცხი პაშოტი.
- მზა კვერცხი მოათავსეთ ტოსტზე.
- მიირთვით ცხელ მდგომარეობაში.
შაკშუკა
ეს გახლავთ ტრადიციული ებრაული კერძი, რომელსაც პომიდვრის სოუსში შემწვარი კვერცხისგან ამზადებენ, ცხარე პილპილით, ხახვითა და სანელებლებით. მიუხედავად იმისა, რომ ასე მომზადებული კვერცხი ჩრდილოეთ აფრიკაში გამოჩნდა, შაკშუკამ ნამდვილი აღიარება მხოლოდ იუდეურ მიწაზე მიიღო. იქ ამ კერძს მიირთმევენ საუზმეზე და სადილზე, მაგრამ ვახშამზე არავითარ შემთხვევაში. ასეთია ტრადიცია…
კვერცხის სუფლე
მოიმარჯვეთ 4 კვერცხის გული, 3 ცილა, ნახევარი ჭიქა რძე, ზეთი და 2-3 ს.კ. ფქვილი. კვერცხის გული, რძე, ფქვილი და პილპილი ფრთხილად შეურიეთ ერთმანეთს და მოურიეთ, სანამ კრემისებრ მასას არ მიიღებთ. კარგად ათქვიფეთ კვერცხის ცილა და დაუმატეთ კრემს. პატარა საცხობ ფორმებს წაუსვით კარაქი, 3/4-ზე გაავსეთ ფორმები მიღებული მასით და მოათავსეთ ღუმელში 5-6 წუთით, თავდაპირველად დაბალ ცეცხლზე, შემდეგ კი 7-8 წუთით უფრო ძლიერ ცეცხლზე.
ფრანგული ომლეტი ფინჯანში
ომლეტი შეგიძლიათ მოამზადოთ არა მხოლოდ ტაფაზე, არამედ ფინჯანშიც. ეს სულ ცოტა დროს წაგართმევთ, თუმცა დილის ტრაპეზი ძალიან გემრიელი და ნოყიერი იქნება.
ინგრედიენტები
- 1 ც კვერცხი
- 1 ც პომიდორი
- 40 გრ ყველი
- მწიკვით გამხმარი დაფქული ნიორი
- 1/2 ჩ.კ. ხმელი ოხრახუში
- 1/2 ჩ.კ. მდოგვი
- კიტრი გემოვნებით
მომზადების წესი
- ფინჯანში ჩანგლით ათქვიფეთ კვერცი.
- დაუმატეთ კუბებად დაჭრილი ყველი და ნახევარი პომიდორი.
- მოაყარეთ მარილი და სანელებლები.
- შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20-25 წუთით.
- მიირთვით დარჩენილ პომიდორთან, კიტრთან და მდოგვთან ერთად.
შემწვარი კვერცხი ხახვის რგოლებში
ხახვის მოყვარულებს აუცილებლად მოგეწონებათ ხახვში შემწვარი კვერცხი. კარამელიანი ხახვის რგოლები, კვერცხი, მწვანილი, ახალი ბოსტნეული, ხრაშუნა ტოსტი – სწრაფად მოსამზადებელი, მაგრამ ძალიან გემრიელი საუზმეა!
ფრიტატა
იტალიური ომლეტი ფრიტატა – ეს გახლავთ ტრადიციული კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯონ იტალიის და მისი კულტურის მოყვარულმა ადამიანებმა. გლეხური ფრიტატა ჩვეულებრივ შეიცავს პრასსა და პარმეზანს.
ტაფაზე უსვამენ ზეთს, მასზე ასხამენ ათვეფილ კვერცხს, შემდეგ კი შიგთავსს ათავსებენ. როდესაც ფრიტატას ქვედა ფენა გამოცხობას იწყებს, ტაფას თავსახურს ახურავენ და კერძს დაბალ ცეცხლზე ამზადებენ ან ტაფას ღუმელში ათავსებენ.
ინგრედიენტები
- 4 ც კვერცხი
- 100 გრ სოსისი
- 1 ც ბულგარული პილპილი
- 30 გრ ყველი
- 3 ც კარტოფილი
- 1 ც ხახვი
- მწვანილი, მარილი და პილპილი გემოვნებით
- პირველ რიგში მოხარშეთ კვერცხი. ამ დროის განმავლობაში დაჭერით ხახვი რგოლებად, ბულგარული კი კუბებად.
- სოსისი კუბებად დაჭერით. შემდგომ ტაფა კარგად გააცხელეთ და მასში პილპილი და ხახვი შეწვით. ამისთვის 5 წუთი საკმარისი იქნება.
- პილპილს და ხახვს მოხარშული კარტოფილი დაუმატეთ და შეწვით. დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
- ღრმა თეფშში ჩაასხით კვერცხი, ჩანგლით ათქვიფეთ და დაუმატეთ კუბებად დაჭრილი სოსისი.
- გამოსაცხობ ჭურჭელში მოათავსეთ ბოსტნეული, ზემოდან კი კვერცხიანი სოსისი მოათავსეთ. გამოაცხვეთ ომლეტი 180 გრადუსზე, დაახლოებით 15 წუთით. მზა ომლეტს ყველი მოაყარეთ.
კვერცხი შოტლანდიურად
ამ კერძს შოტლანდიასთან საერთო არაფერი აქვს. ეს გახლავთ ბრიტანული წასახემსი, რომელიც ინგლისელებს ძალიან უყვართ: კოტლეტები კვერცხის შიგთავსით შეიძლება შეგხვდეთ არა მხოლოდ კაფეებსა და რესტორნებში, არამედ მის ნახევარფაბრიკატებს სუპერმარკეტებშიც შეხვდებით.
ინგრედიენტები
- 600 გრ ღორის ან ძროხის ფარში
- 5 ც კვერცხი
- 50 გრ კარაქი
- შავი პილპილი
- მარილი
- დაჭრილი მწვანილი (ოხრახუში, კამა, ბეგქონდარა) გემოვნებით
- ქინძი
- 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
- დაფქული სუხარი, დაფქული ბერძნული კაკალი ან შვრიის ფანტელი
- მოხარშეთ 4 ცალი კვერცხი და ცივ წყალში გააგრილეთ. ცივი წასახემსისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ კარგად მოხარშული კვერცხი, ხოლო ნახევრად მოხარშული კვერცხი – ცხელი წასახემსისთვის. ფარშს დაუმატეთ მარილი, სანელებლები და დაჭრილი მწვანილი გემოვნებით – ზუსტად ისე, როგორც ჩვეულებრივ კოტლეტებს ამზადებთ. ფარშისგან გააკეთეთ 4 ბურთულა ამ პროპორციით: 130 გრ ფარში 1 კვერცხზე.
- გარჩეული კვერცხი ფარშში მოათავსეთ და კოტლეტი გააკეთეთ.
- კოტლეტი ამოავლეთ უმი კვერცხის გულში, შემდეგ სუხარის ნამცეცებში ან დაფქულ ბერძნულ კაკალში.
- საცხობ ფორმაზე მოათავსეთ ფოლგა და კოტლეტები მასზე დაალაგეთ. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთით.
- კერძი ძალიან გემრიელია ცხელ სოუსთან ერთად. შეურიეთ კვერცხის გული, 50 გრ კარაქი, 3 ს.კ. წყალი, მარილი და პილპილი. მოადუღეთ სოუსი წყლის ორთქლზე, ფრთხილად მოურიეთ.
რულეტი ომლეტისგან
ინგრედიენტები
- 175 გრ მაიონეზი
- 4 ც კვერცხი
- 2 დამუშავებული ყველი
- 2 კბილი ნიორი
- 1 კონა ოხრახუში
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- მცენარეული ზეთი შესაწვავად
- ათქვიფეთ კვერცხი 150 გრ მაიონეზთან ერთად. მოაყარეთ მარილი და პილპილი.
- საცხობ ლანგარზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით ზეთი და ზემოდან მიღებული მასა დაასხით.
- გამოაცხვეთ ღუმელში 10 წუთით, 180 გრადუსზე.
- ომლეტი ცოტათი გააგრილეთ და პერგამენტის ქაღალდი მოაშორეთ.
- მსხვილად გახეხეთ ყველი, დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, დაჭრილი კამა და დარჩენილი მაიონეზი. კარგად მოურიეთ.
- ომლეტს შიგთავსი წაუსვით.
- გაახვიეთ ომლეტი რულეტივით, შეფუთეთ საკვებ ცელოფანში და 2-3 საათით მაცივარში შეინახეთ.
კვერცხი ავოკადოში
ინგრედიენტები
- 2 ც ავოკადო
- 4 ც კვერცხი
- 1 ს.კ. დაჭრილი მწვანე ხახვი
- მარილი, პილპილი გემოვნებით
- გააცხელეთ ღუმელი 210 გრადუსზე.
- შუაზე გაჭერით ორივე ავოკადო და კურკები მოაშორეთ.
- თითოეული ნახევრიდან კოვზით ამოიღეთ ცოტაოდენი რბილობი.
- ავოკადოს ნახევრები საცხობ ფორმაში ჩაალაგეთ.
- თითოეულში თითო ცალი კვერცხი ჩაატეხეთ.
- ზემოდან მარილი და პილპილი მოაყარეთ.
- გამოაცხვეთ ღუმელში 12-15 წუთით.
- გამოდგით ღუმელიდან და მწვანე ხახვი მოაყარეთ.
კვერცხის კექსები
ინგრედიენტები
- 3 ც კვერცხი
- 30 გრ ყველი
- 1 კონა მწვანილი
- 3 ს.კ. არაჟანი
- 50 გრ ლორი
- 1 ც პომიდორი
- მარილი გემოვნებით
- ლორი კუბებად დაჭერით და მსუბუქად შეწვით.
- გახეხეთ ყველი.
- ათქვიფეთ კვერცხი ნახევარ ყველთან ერთად.
- დაუმატეთ მწვანილი, არაჟანი, მარილი და პილპილი. მოურიეთ.
- დაუმატეთ წვრილად დაჭრილი პომიდორი.
- პატარა საცხობ ფორმებში კოვზით თავდაპირველად კვერცხის ნაზავი მოათავსეთ, შემდეგ ლორი და პომიდორი, ბოლოს კვლავ კვერცხის ნაზავი.
- ზემოდნა გახეხილი ყველი მოაყარეთ.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 10-15 წუთით.
სპაგეტი უმი კვერცხით
ინგრედიენტები
- 200 გრ სპაგეტი
- 30 გრ ზეითუნის ზეთი
- 1 ც ხახვი
- 200 გრ ბეკონი
- 100 მლ 22%-იანი ნაღები
- პროვანსული მწვანილი
- 1 კვერცხის გული
- 30 გრ პარმეზანი
- 5-6 ც პომიდორი
- 1 ღერო რეჰანი
- 20 გრ მარილი
- პილპილი გემოვნებით
- წვრილად დაჭერით ხახვი და ბეკონი, ცალკე თასში გააცალკევეთ კვერცხის გული ცილისგან, პომიდორი ჩერი შუაზე გაჭერით.
- 200 გრ სპაგეტი 2 ლიტრ მარილიან წყალში მოხარშეთ 11 წუთის განმავლობაში ისე, რომ შიგნიდან ოდნავ მაგარი იყოს, შემდეგ საწურში გადაიტანეთ და მსუბუქად შეურიეთ ზეითუნის ზეთში.
- ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი, საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ, შეწვით მასში დაჭრილი ბეკონი და ხახვი 1,5-2 წუთის განმავლობაში.
- შემდეგ დაუმატეთ ნაღები და მოურიეთ.
- მიღებული სოუსი დაასხით სპაგეტის, მოურიეთ, გაათბეთ დაბალ ცეცხლზე 30 წამის განმავლობაში.
- დაუმატეთ პროვანსული მწვანილი და მოურიეთ.
- კერძს ზემოდან შავი პილპილი მოაყარეთ, გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ უმი კვერცხი. კარგად მოურიეთ.
- სპაგეტის გახეხილი ყველი, პომიდორი ჩერი და რეჰანი მოაყარეთ.
ხუნკრუ
ინგრედიენტები ცომისთვის
- 1 ც კვერცხი
- 3 ჭიქა წყალი
- 1 ჩ.კ. მარილი
- ფქვილი (რამდენსაც შეიზელს)
ინგრედიენტები შიგთავსისთვის
- 1 ლ რძე
- 10 ც კვერცხი
- 2 ც ხახვი
- 50 გრ კარაქი
- 100 მლ მცენარეული ზეთი
- მარილი გემოვნებით
- ხახვი წვრილად დაჭერით და ტაფაზე შეწვით.
- ემალირებულ ქვაბში ათქვიფეთ კვერცხი და რძე დაუმატეთ.
- დაუმატეთ ხახვი, მარილი და შავი პილპილი.
- მოზილეთ მაგარი ცომი, გაიყვანეთ 2-3 მმ სისქის ფენად.
- ცომისგან გამოჭერით პატარა წრეები.
- თითოეული წრისგან ჭიქის მსგავსი რამ გააკეთეთ.
- მზა “ჭიქები” გაავსეთ შიგთავსით.
- ამის შემდეგ შეაწებეთ ერთმანეთს თავისუფალი ბოლოები და მდუღარე წყალში ჩაალაგეთ.
- მოხარშეთ 7-10 წუთის განმავლობაში, ხშირად მოურიეთ.
ბრინჯი კვერცხით ინდურად
ინგრედიენტები
- 400 გრ მოხარშული ბრინჯი
- 2 ც ხახვი
- 1 ც პომიდორი
- 1 ც ბულგარული პილპილი
- 2 ც კვერცხი
- 3-4 კბილი ნიორი
- 1 კონა ოხრახუში (ქინძი)
- 4-5 ს.კ. თხევადი ერბო
- 1 ჩ.კ. მდოგვის თესლი
- 1/2 ჩ.კ. კურკუმა
- 1/2 ჩ.კ. დაფქული ქინძი
- მარილი და დაფქული პილპილი გემოვნებით
- ტაფაში გააცხელეთ თხევადი ერბო. გახეხეთ ნიორი და შეწვით დაბალ ცეცხლზე 10-15 წამით.
- ჩაყარეთ მდოგვის თესლი. შეწვით 30 წამის განმავლობაში.
- ხახვი დაჭერით ნახევარ რგოლებად და იმავე ტაფაზე შეწვით.
- თხელ ზოლებად დაჭერით პილპილი და ხახვს დაუმატეთ. შეწვით 3-5 წუთით.
- დაუმატეთ სანელებლები, დაუმატეთ კუბებად დაჭრილი პომიდორი და კვერცხი.
- შეწვით საშუალო ცეცხლზე, სანამ კვერცხი მზად არ იქნება.
- ჩაყარეთ მოხარშული ბრინჯი, მოურიეთ, დაუმატეთ მარილი და სანელებლები. ზემოდნა მწვანილი მოაყარეთ.
გემრიელად მიირთვით!