ხრაშუნა მინი ბაგეტები, რომლებიც პარიზში მოგზაურობას მახსენებს

487

ეიფელის კოშკი, ლოკოკინები ბურგუნდიულად, ხახვის წვნიანი რივოლზე და მონმარტში ნაყიდი პაკეტი ბაგეტი და კრუასანი, სადღაც წარსულში დარჩა. ვგრძნობ, რომ საფრანგეთში მოგზაურობა დიდხანს არ მელოდება, მაგრამ ხრაშუნა ბაგეტით თავის გახარება შემიძლია. ბაგეტი სახლში მარტივად ცხვება, თუ ცომთან მუშაობის ხრიკები იცით.

Gastronomia.ge-ს რედაქცია გიზიარებთ ბაგეტის მომზადების ინსტრუქციას, რომელიც პარიზში მოგზაურობას გაგახსენებთ. ლეგენდარული ფრანგული პური, რომელიც ახალი უნდა მიირთვათ, რადგან სწრაფად ხმება.

ცომის ინგრედიენტები:

  • 200 გ ფქვილი
  • 130 მლ თბილი წყალი
  • 2 გ მარილი
  • 2 გ შაქრის ფხვნილი
  • 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი
  • 3 გ გაუწყლოებული საცხობის საფუარი

მომზადების წესი:

1. ღრმა თასში გაცრილი ფქვილი, შაქრის ფხვნილი, მარილი და მშრალი საფუარი დაუმატეთ. თბილი წყალი დაასხით და სილიკონის ნიჩბით კარგად აურიეთ.

2. ცომი 5 წუთით ხელით მოზილეთ. შემდეგ გუნდად შეკარით, პარკი დააფარეთ და თბილ ადგილას 15 წუთით გააჩერეთ.

3. მცენარეული ზეთი დაუმატეთ და 5 წუთით ხელით მოზილეთ. ახლა ცომი ზეთწასმულ მაგიდაზე გადაიტანეთ და 5 წუთით მოზილეთ. ცომი გუნდად შეკარით, პარკი ან პირსახოცი დააფარეთ და თბილ ადგილას 45 წუთით გააჩერეთ, რომ მოცულობაში გაიზარდოს.

4. ცომი 4 ნაწილად გაყავით. თითოეული დააგუნდავეთ. პარკი დააფარეთ და 15 წუთით გააჩერეთ.

5. თითოეული ცომის ნაწილი კვერებად გააბრტყელეთ, შემდეგ ბაგეტის ფორმა მიეცით. ბაგეტები პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. ბაგეტებს ზემოდან ცოტა ფქვილი მოაყარეთ, პირსახოცი დააფარეთ და 40 წუთით გააჩერეთ.

6. ახლა ბაგეტები მცირედით ჩაჭერით. 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთით აცხვეთ. ღუმელი წინასწარ გააცხელეთ, ხოლო ძირში წყლით სავსე ჭურჭელი დადეთ.

7. ესეც ასე, ხრაშუნა ბაგეტები მზადაა. გემრიელად მიირთვით!

ბაგეტის სახლში მომზადება საკმაოდ მარტივია. ზემოდან ფრანგული პური ხრაშუნაა, შიგნით – ძალიან ნაზი. აუცილებლად სცადეთ. ამ რეცეპტით მომზადებულ ბაგეტს ჩემი ოჯახის წევრები ერთ საღამოს ამთავრებენ.