ხაჭოს ძალიან გემრიელი და ფაფუკი ბისკვიტი ფქვილის გარეშე. ძალიან გემრიელი და რაც მთავარია, დიეტურია

3012

ყველას გვიყვარს ტკბილეული, მაგრამ ყოველთვის გვიწევს თავის შეზღუდვა და უარის თქმა გემრიელ ფუნთუშებზე, ორცხობილებზე, ტორტებზე და ნამცხვრებზე, რადგან ეს ძალიან საზიანოა ჩვენი ფიგურისთვის.

ხაჭოს ბისკვიტი ფქვილისა და მანის ბურღულის გარეშე – ძალიან გემრიელი და არომატული დიეტური დესერტი, რომელიც პირდაპირ პირში დნება! როდესაც ინტერნეტში ამ მარტივ რეცეპტს მივაგენი, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. პირველივე მცდელობის შემდეგ საკუთარი ხელით დამზადებული ხაჭოს ბისკვიტი იმდენად ჰაეროვანი, ფუმფულა და გემრიელი გამოვიდა, რომ შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. თქვენც გირჩევთ, აუცილებლად ჩაინიშნოთ ეს რეცეპტი და პერიოდულად გაინებივროთ თავი უგემრიელესი დესერტით, რომელიც არ ვნებს ჩვენს ფიგურას.

ხაჭოს დიეტური ბისკვიტი 

ინგრედიენტები: 

  • 500 გრამი ხაჭო
  • 5 კვერცხი
  • 100 გრამი არაჟანი
  • 120 გრამი შაქრის პუდრი
  • 2 ს.კ. სახამებელი
  • ვანილი

სოუსის ინგრედიენტები:

  • 2 ბანანი
  • 150 მლ ნაღები
  • 1 ს.კ. არაჟანი
  • 1 ს.კ. შაქრის პუდრი

მომზადება:

1. განაცალკევეთ კვერცხის გული ცილისგან. ბლენდერში მოათავსეთ ხაჭო, ჩაამატეთ 5 კვერცხის გული, არაჟანი, სახამებელი, ვანილი და ნახევარი შაქრის პუდრი. ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თუ ბლენდერი არ გაქვთ, გამოიყენეთ მიქსერი.

2. გულისგან განცალკევებული ხუთივე კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ მიქსერის გამოყენებით და ჩაამატეთ მასში შაქრის პუდრის მეორე ნახევარი. თქვენ უნდა მიიღოთ მკვირი კონსისტენციის თეთრი მასა, რომელიც უნდა ჩაამატოთ მომზადებულ ხაჭოს ნარევში. ყველაფერს ერთად კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ.

3. საცხობ ფორმას შეაზილეთ მცენარეული ზეთი, ჩაასხით მასში მომზადებული მასა და შედგით ის 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 45 წუთით.

4. სანამ ჩვენი ნაზი და საოცრად ფაფუკი ბისკვიტი გამოცხვება, შევუდგეთ სოუსის დამზადებას. გაასუფთავეთ ბანანი კანისგან და ბლენდერის გამოყენებით მომზადეთ მისგან ფაფისებრი მასა. დაამატეთ ბანანის პიურეში 150 მლ ნაღები, 1 ს.კ. შაქრის პუდრი და 1 ს.კ. არაჟანი. კვლავ კარგად გადაურიეთ. სოუსი ხაჭოს ბისკვიტისთვის მზად არის.

5. როდესაც ბისკვიტი გამოცხვება, გამოიღეთ ის ღუმელიდან და მოასხით ზემოდან სოუსი. გემრიელად მიირთვით!

გამომდინარე იქიდან, რომ ხაჭოს ეს უგემრიელესი დესერტი მზადდება ფქვილისა და მანის ბურღულის გარეშე, ის ძალიან ფაფუკი, რბილი, ჰაეროვანი და რაც მთავარია, დიეტური გამოდის. რაც შეეხება ბანანისა და ნაღების სოუსს, ის კიდევ უფრო გემრიელსა და არომატულს ხდის ჩვენს დესერტს. თუ გსურთ, პერიოდულად გაინებივროთ თავი ტკბილეულით, ფიგურის დაზიანების გარეშე, მიირთვით ხაჭოს ბისკვიტი ჩაის დილის ულუფასთან ერთად. ენერგიითა და პოზიტიური განწყობით დამუხტვა – გარანტირებულია!