ხავერდოვანი კექსი „ალუბლის შოკოლადი“. წარმოუდგენელი არომატი, დიდებული ტექსტურა

148

შოკოლადის პეროგზე მარტივი და გემრიელი რეცეპტი არ არსებობს. კექსი „ალუბლის შოკოლადი“ ცომეულია, რომელიც ყველას პირველივე ჩაკბეჩაზე უყვარდება. ხავერდოვანი შოკოლადის და მჟავე ალუბლის ჰარმონიის მირთმევა ნამდვილი სიამოვნებაა როგორც პატარა, ასევე უფროსი ტკბილეულის მოყვარულებისთვის.

Gastronomia.ge–ს რედაქცია აღმერთებს ამ ცომეულს მიმზიდველი გარეგნობის, მაცდური არომატის და ჰაეროვანი ცომის გამო, რომელშიც ბევრი ალუბალია. კენკრა ძირში არ ჩადის, არამედ თავის წვენს ცომს აძლევს, სრულად ნამავს. ამის წყალობით კექსი პირში მდნობი ხდება. ხავერდოვანი ტკბილეული ადვილად, სწრაფად და ხელმისაწვდომი პროდუქტებისგან მზადდება. სცადეთ!

ხავერდოვანი კექსი „ალუბლის შოკოლადი“: მომზადების ნიუანსები

ამ კექსისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ახალი ალუბალი, ასევე გაყინული (უკურკო). საშუალო ზომის კვერცხი გამოიყენეთ. რეცეპტში მითითებული ლერწმის შაქარი თეთრი შაქრით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. თუმცა ყავისფერი შაქრით კექსი გამოვა უჩვეულოდ არომატული, ზომიერად ტკბილი, ნაზი კარამელის გემოთი. ცომეული კი არა, კულინარიული პოეზიაა!

ინგრედიენტები:

  • 160 გ ხორბლის ფქვილი
  • 300 გ ალუბალი
  • 120 მლ წყალი
  • 120 გ ლერწმის შაქარი
  • 70 გ კაკაოს ფხვნილი
  • 8 გ გამაფხვიერებელი
  • 3 კვერცხი
  • 120 მლ მზესუმზირის ზეთი

მომზადების წესი:

1. ღუმელი 180 გრადუსზე ჩართეთ, ზედა და ქვედა რეჟიმი. საცხობ ფორმას ზეთი წაუსვით და ცოტა კაკაო მოაყარეთ. შოკოლადის ცომისთვის კაკაო მდუღარე წყალში გახსენით. გამოვა რბილი კრემი, რომელიც ცომს ანიჭებს განსაკუთრებულ ტექსტურას. კენკრა ფორმის ძირში არ ჩავა.

2. წყალი პატარა ქვაბში ადუღებამდე მიიყვანეთ. როგორც კი ადუღდება, ქურა გამორთეთ და ცხელ წყალს კაკაოს ფხვნილი დაუმატეთ. სათქვეფით ინტენსიურად ურიეთ. რამდენიმე წამში შოკოლადის კრემი მზად იქნება. გვერდზე გადადეთ.

3. კვერცხი და შაქარი 3 წუთი ფაფუკი მასის მიღებამდე ათქვეფეთ. მცენარეული ზეთი დაუმატეთ და ისევ ათქვეფეთ. სასიამოვნო ჰაეროვანი მასა გამოვა.

4. ამ მასას შოკოლადის კრემი დაუმატეთ. რამდენიმე წამი ყველა ინგრედიენტის შერევამდე ურიეთ. ფქვილი და გამაფხვიერებელი გაცერით. მიქსერი დაბალ სიჩქარეზე ჩართეთ და მშრალი ინგრედიენტები მასას აურიეთ.

5. ალუბალი დაუმატეთ და სილიკონის სპატულით აურიეთ. ცომი მზა ფორმაში ჩაასხით.

6. ფორმა გახურებულ ღუმელში მოათავსეთ და 35-45 წუთი აცხვეთ. ნახევარ საათში ხის ჩხირით შეამოწმეთ. კექსი მზადაა, როცა ზედაპირს ქერქი წარმოიქმნება, ხოლო ჩხირი ცომიდან მშრალი ამოვა.

7. თუ ხის ჩხირს ცომის ნაწილი მიეკვრა, კექსი გამოსაცხობად ღუმელში დააბრუნეთ. 5 წუთის შემდეგ ისევ შეამოწმეთ.

8. მზა კექსი ღუმელიდან გამოიღეთ და დაახლოებით 10 წუთი ფორმაში გააჩერეთ. შემდეგ ფორმიდან ამოიღეთ და ოთახის ტემპერატურამდე გააცივეთ.

მზა კექსს კაკაოს ფხვნილი საცერით მოაყარეთ. უფრო ნათელი იერისთვის კაკაო და შაქრის ფხვნილი აურიეთ. მზა დესერტი მწვანე ჩაის ან ყავას იდეალურად უხდება. ამ შაბათ–კვირას მოამზადეთ და არ ინანებთ.