ფხვიერი ორცხობილის რგოლები მიწისთხილით

502

სახლში გამომცხვარი დესერტი ყველაზე ღრუბლიან ამინდშიც განწყობას აგიმაღლებთ. წარმოიდგინეთ სურათი: ახლახანს ღუმელიდან გამოღებული ორცხობილის არომატი და ჩაიდნის სტვენა, რომელიც სამზარეულოდან ისმის. უბრალოდ იდეალურია!

ჩაის დასალევად მყუდრო საღამო რომ მოაწყოთ, უნდა იცოდეთ, როგორ გამოაცხოთ გემრიელი დესერტი. Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ, უნაზესი ორცხობილა გაჯერებული მიწისთხილის გემოთი მოამზადოთ. არომატული ცომეული პირველი ლუკმიდან თავს შეგაყვარებთ. ფრთხილად იყავით!

თუ კაკლის ფანი ხართ, რეცეპტი ნამდვილად მოგეწონებათ. გახსოვდეთ, რომ მიწისთხილი ყოველთვის შეგიძლიათ ბიუჯეტური ვარიანტით ჩაანაცვლოთ. მენდეთ, ნიგვზით არანაკლებ გემრიელი გამოდის.

ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • 80 გ შაქრის ფხვნილი
  • 3 გ გამაფხვიერებელი
  • 80 გ მიწისთხილი
  • 100 გ კარაქი
  • ვანილი გემოვნებით
  • 180 გ ხორბლის ფქვილი

მომზადების წესი:

1. ღრმა თასში რბილი კარაქი, ვანილი და შაქრის ფხვნილი აურიეთ. 1 კვერცხი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

2. ფქვილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ და აურიეთ. ცომი მოზილეთ, პარკი დააფარეთ და მაცივარში 20 წუთით შეინახეთ.

3. სამუშაო ზედაპირს ფქვილი მოაყარეთ. ცომი გადმოიტანეთ.

4. ცომი გააბრტყელეთ.

5. ჭიქით ან სპეციალური ფორმით ცომიდან რგოლები გამოჭერით.

6. თითოეულ რგოლში უფრო პატარა დიამეტრის ნახვრეტი გააკეთეთ. არყის ჭიქა გამოიყენეთ.

7. მიწისთხილი დააქუცმაცეთ.

8. კვერცხის გული ათქვიფეთ. ცომის რგოლებს წაუსვით.

9. დაქუცმაცებულ მიწისთხილში ამოავლეთ.

10. პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ.

11. რგოლები 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 12 წუთით აცხვეთ.

გემრიელი ფხვიერი ორცხობილა მზადაა! მძიმე სამუშაო დღის შემდეგ საკუთარ თავს დასვენების უფლება მიეცით: საყვარელი ჩაი მოადუღეთ და ბევრი მიწისთხილის რგოლი აიღეთ. სახლში გამომცხვარი ტკბილეულის გემოთი დატკბით!