ფხვიერი კალათები ცილოვანი კრემით ტკბილ მოგონებებს აღძრავს

305

Gastronomia.ge–ს რედაქცია ბავშვობის დესერტის მომზადებას გთავაზობთ. გიყვართ ფხვიერი კალათები ბეზეს დიდი ქუდით? რეცეპტი ზუსტად დაიცავით და იდეალურ დესერტს მიიღებთ. დროა, ჩაი დაადგათ და ოჯახის წევრები სამზარეულოში დაპატიჟოთ.

ცომის ინგრედიენტები:

  • 180 გ ფქვილი
  • 3 კვერცხის გული
  • 0,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 30 გ შაქარი
  • 100 გ კარაქი
  • 20 გ რძე
  • მწიკვი მარილი
  • 10 ჩ/კ ჯემი

ცილოვანი კრემის ინგრედიენტები:

  • 100 გ კვერცხის ცილა
  • 50 გ წყალი
  • 200 გ შაქარი
  • მწიკვი მარილი
  • მწიკვი ლიმონმჟავა

მომზადების წესი:

1. ცომის მომზადებით დაიწყეთ. ფქვილი და გამაფხვიერებელი გაცერით. ცივი კარაქი კუბებად დაჭერით და ფქვილს დაუმატეთ. აურიეთ ისე, რომ ნაფშვენი მიიღოთ.

2. ნაფშვენი ჩააღრმავეთ, 3 კვერცხის გული, შაქარი, რძე და მარილი დაუმატეთ. ცომს სწრაფად აურიეთ. ჯერ სათქვეფი გამოიყენეთ, შემდეგ ხელით მოზილეთ.

ფხვიერ ცომს დიდხანს მოზელა არ სჭირდება, რომ ფქვილიდან წებოვანა არ გამოიყოს და ცომი უხეში და მკვრივი არ გახდეს. რბილი, ფხვიერი ცომი მოზილეთ, რომელიც ხელზე არ მიგეწებებათ.

3. კალათების საცხობად მაფინის რკინის ან სილიკონის ფორმა გამოიყენეთ. ცომი ფორმის ზედაპირზე თანაბრად გაანაწილეთ. ცომის ნარჩენები კიდეებს ფრთხილად მოაშორეთ. დაახლოებით 10 კალათა გამოვა.

180 გრადუსზე 15 წუთით აცხვეთ. ოდნავ გაგრილება აცადეთ და ფორმებიდან ამოიღეთ.

4. კალათებს თითო ჩაის კოვზი ჯემი ან მურაბა დაუმატეთ.

კრემი მოამზადეთ. სქელძირიან ქვაბში წყალი ჩაასხით. შაქარი დაუმატეთ და აურიეთ. საშუალო ცეცხლზე ხარშეთ, სანამ 118 გრადუსამდე არ გაცხელდება.

5. ცალკე კვერცხის ცილები, მარილი და ლიმონმჟავა მყარი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ. ოდნავ შეგრილებული სიროფი წვრილ–წვრილად დაუმატეთ, ათქვეფა არ შეწყვიტოთ. მიქსერი მაღალ სიჩქარეზე ჩართეთ. მკვრივი ბეზე უნდა მიიღოთ, რომელიც ფორმას კარგად ინარჩუნებს.

6. კრემი საკონდიტრო ტომარაში გადაიტანეთ. ტომარას ლამაზი საცმი გაუკეთეთ. კალათებს ბეზეს ლამაზი ქუდი გაუკეთეთ. დესერტი მზადაა. თუ სურვილი გაქვთ, გახეხილი კაკლით ან შოკოლადით გააფორმეთ.

ფხვიერი კალათა, ბეზეს ნაზი და მომჟავო ქუდი იდეალურ დესერტს იძლევა. სტუმრები აღფრთოვანებულნი დარჩებიან. ბიუჯეტური ცილოვანი კრემით ტორტიც შეგიძლიათ გააფორმოთ. გემრიელად მიირთვით!