ფენოვან ცომში გამომცხვარი მსხალი: საინტერესო რეცეპტი

789

ინტერნეტ სივრცეში საკმაოდ საინტერესო რეცეპტს გადავაწყდი. ინგრედიენტების რაოდენობა ცოტა შევცვალე. მის მომზადებას გირჩევთ, ძალიან გემრიელი დესერტი გამოდის, რომელიც ბავშვებს და უფროსებს ერთნაირად მოეწონება.

ინგრედიენტები:

  • 500 გრ ფენოვანი ცომი (უსაფუარო)
  • 3 მსხალი

სიროფისთვის:

  • 4 ჭიქა წყალი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 4 ს/კ მწარე თაფლი
  • 1 ჩ/კ ვანილის შაქარი
  • 1 ჩ/კ დარიჩინი

მომზადება:

  1. მსხალი გათალეთ, ყუნწი არ მოაწყვიტოთ.
  2. სქელ ძირიან ქვაბში სიროფის ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ.
  3. გათლილი მსხალი მოათავსეთ და საშუალო ცეცხლზე 20 წუთით ხარშეთ. დრო მსხლის სიმწიფეზეა დამოკიდებული. მე 20 წუთი ვხარშავდი. მსხალი რბილი, სიროფით გაჟღენთილი უნდა იყოს, მაგრამ არა გადახარშული.
  4. მზა მსხალი თეფშზე გადაიტანეთ და გააგრილეთ.
  5. სიროფი საშუალო ცეცხლზე ხარშეთ. ქვაბს თავსახური არ დაახუროთ. სიროფი 2-3-ჯერ უნდა აადუღოთ. გაგრილების შემდეგ საშუალო კონსისტენციის სიროფი უნდა მიიღოთ, რომელიც არც თხელი და არც ძალიან სქელი არ იქნება.
  6. ცომი ერთი მიმართულებით ოდნავ გააბრტყელეთ.
  7. 1-1,5 სმ სიგანის გრძელ ზოლებად დაჭერით.
  8. მსხალი თეფშზე მოათავსეთ, თუ მისი სწორად გაჩერება გიჭირთ, შეგიძლიათ ქვედა ნაწილი მოაჭრათ, რომ სწორად დადება შეძლოთ.
  9. მსხალზე ფენოვანი ცომის ზოლი შემოახვიეთ. ქვედა ნაწილიდან დაიწყეთ.
  10. ბოლომდე ცომში გაახვიეთ (ზოლების ბოლოები ერთმანეთს მიამაგრეთ).
  11. მზა მსხალი პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე დააწყვეთ.
  12. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით აცხვეთ, სანამ ცომი მსუბუქ ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს.
  13. გააგრილეთ.
  14. სადესერტო თეფშს ცოტა სიროფი მოასხით.


თეფშის ცენტრში ცომიანი მსხალი მოათავსეთ და დანა-ჩანგალთან ერთად სუფრაზე გაიტანეთ. ჩემი აზრით, მსხალი ცოტა ტკბილია და სიმჟავე აკლია. სწორედ ამიტომ მზა მსხლის დესერტს გვერდით წითელი მოცხარის ჟელე დავუდე, ზუსტად ის გამოვიდა, რაც მინდოდა. გემრიელად მიირთვით!