ფენოვანი ღვეზელი ხორცით და კარტოფილით. არომატული ცომეული

274

გემრიელი ცომეული გსურთ, მაგრამ ღვეზელების გამოძერწვა გეზარებათ? Gastronomia.ge–ს რედაქცია იდეალურ რეცეპტს გთავაზობთ. ამ რეცეპტით გამოაცხობთ ოქროსფერ ფენოვან ღვეზელს ხორცით და კარტოფილით, რომელიც სასაუზმოდ ან წასახემსებლად გამოგადგებათ.

ცომს დიდხანს მომზადება არ სჭირდება. 15 წუთი მოზელვაზე დახარჯეთ და კიდევ ამდენი ხნით დაელოდეთ, სანამ საყინულიდან გამოიღებთ. ნახევარ საათში მზა ელასტიურ ცომს მიიღებთ, რომელთანაც მუშაობა ერთი სიამოვნებაა.

როგორ გამოაცხოთ ფენოვანი ღვეზელი ხორცით და კარტოფილით

შიგთავსისთვის უმი ინგრედიენტები გამოიყენეთ. ფარშის და ხახვის წინასწარ შეწვა ან კარტოფილის მოხარშვა საჭირო არაა. ბოსტნეული გათალეთ, შემდეგ ხორცი და სანელებლები აურიეთ. მზადაა.

ინგრედიენტები:

  • 750 გ ხორბლის ფქვილი
  • 200 გ არაჟანი
  • 1,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 400 გ ღორის ფარში
  • 2 ხახვი
  • 300 გ კარაქი
  • 2 ჩ/კ მარილი
  • 3 კვერცხი
  • 3 კარტოფილი
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • ქინძი გემოვნებით
  • ძირა გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ხორბლის ფქვილი ღრმა თასში ჩაყარეთ. ცივი კარაქი გახეხეთ. ნაფშვენის მისაღებად ხელით აურიეთ.

2. ცალკე თასში არაჟანი, გამაფხვიერებელი და 1 ჩ/კ მარილი აურიეთ.

3. მიღებული მასა, 2 კვერცხის გული და 3 კვერცხის ცილა ნაფშვენს დაუმატეთ. კოვზით აურიეთ, ერთგვაროვანი ცომი ხელით მოზილეთ. პარკი დააფარეთ და 15 წუთით მაცივარში შეინახეთ.

4. ბოსტნეული გათალეთ. კარტოფილი კუბებად დაჭერით, ხახვი – წვრილად. ფარში, მარილი, შავი წიწაკა, ძირა და ქინძი დაუმატეთ. ყველა ინგრედიენტს კარგად აურიეთ.

5. სამუშაო ზედაპირს ფქვილი მოაყარეთ. ცომი ორ ნაწილად გაყავით. ერთი ნაწილი თხელ ფირფიტად გააბრტყელეთ. პერგამენტდაფარებულ საცხობ ფორმაში ჩააფინეთ.

6. შიგთავსი დაუმატეთ. პატარა ფიალა გამოიყენეთ. ხორცის და კარტოფილის შიგთავსი ერთმანეთისგან მცირე მოშორებით დადეთ.

7. ცომის მეორე ნაწილი თხელ ფირფიტად გააბრტყელეთ. შიგთავსს ზემოდან დააფარეთ. კიდეები შეკარით, შიგთავსებს შორის თითებით დააჭირეთ.

8. კვერცხის გული ათქვიფეთ. ცომს წაუსვით. სეზამი მოაყარეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-35 წუთით აცხვეთ.

არომატული ცომეული მზადაა. ღვეზელები ბასრი დანით დააცალკევეთ და თეფშზე გადაიტანეთ. ნაზი ცომი და შეუდარებელი შიგთავსი ყველას მოეწონება. უკვე ამ შაბათ–კვირას სცადეთ.