ფაფუკი და ჰაეროვანი ბრიოში, რომელსაც გამოუცდელი მზარეულიც გამოაცხობს

647

ფაფუკი და ჰაეროვანი ბრიოში არც ერთ მაგიდაზე არ დაიკარგება. ტკბილი ფუნთუშა შიშს იწვევს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი სწორად მომზადება მთელი მეცნიერებაა. ბრიოში, რომლის რეცეპტსაც დღეს Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ, გამოუცდელ დიასახლისსაც გამოუვა. რა თქმა უნდა, ყველა მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გაითვალისწინოთ.

ცომის ინგრედიენტები:

  • 300 გ ტკბილი ცომის ხაში
  • 50 გ წყალი
  • 50 გ ნაღები
  • 3 კვერცხი
  • 1 კვერცხის გული
  • 70 გ შაქარი
  • 8 გ მარილი
  • 475 გ ხორბლის ფქვილი
  • 80 გ კარაქი
  • 40 გ კაკლის ზეთი

მომზადების წესი:

1. ღრმა თასში წყალი ჩაასხით, ნაღები დაუმატეთ. სიტყვაზე, ნაღები შეგიძლიათ ამავე მოცულობის რძით (100-120 მლ) ჩაანაცვლოთ. აქვე, დაუმატეთ ტკბილი ცომის ხაში, კვერცხი, შაქარი, მარილი და ფქვილი.

2. ცომის მიქსერით დაახლოებით 5 წუთით მინიმალურ სიჩქარეზე აურიეთ. ახლა ცომი ნახევარი საათით დაასვენეთ და შემდეგ ისევ 2 წუთით მეორე სიჩქარეზე მოზილეთ.

3. ცომი კიდევ რამდენიმე წუთით მოზილეთ. შემთბარი კარაქი დაუმატეთ. გაითვალისწინეთ, რომ კარაქი სჯობს ნაწილ–ნაწილ დაუმატოთ. ბოლოს კაკლის ზეთი დაუმატეთ. ამ ბოლო ინგრედიენტის ნაცვლად შეგიძლიათ 50 გრ ჩვეულებრივი კარაქი გამოიყენოთ. როცა ცომი გლუვი გახდება და კარგად გაიწელება, მოზელა შეგიძლიათ შეწყვიტოთ.

4. მნიშვნელოვანია, რომ ცომის ტემპერატურა 24°C–ს არ აჭარბებდეს. თუ უფრო მეტია, მაცივარში ნახევარი საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ 26-28 გრადუსზე ოთახის ტემპერატურაზე თავდახურულ ჭურჭელში 2 საათით გააჩერეთ.

5. ცომი 6 ნაწილად დაყავით. თითოეულს ფორმა მიეცით. ცომში დიდი ბუშტების გახეთქვა არ დაგავიწდეთ, რომ ზედმეტი ჰაერი მოაშოროთ. ცომი 5 წუთით დაასვენეთ. ამ დროში მაღალი საცხობი ფორმა მოამზადეთ. საცხობ ფორმას მზესუმზირას ზეთი წაუსვით.

6. ცომის თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ, გრძელი ფორმა მიეცით, გზადაგზა ბუშტები გახეთქეთ. ამის შემდეგ რულეტივით დაახვიეთ, საცხობ ფორმაში ჩადეთ, თავსახური დაახურეთ და 26-28 გრადუსზე 3,5 საათით ამოსასვლელად გააჩერეთ.

7. გამოცხობის წინ ცომს კვერცხის გული წაუსვით. 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით აცხვეთ.

მოწითალო ბრიოში მალე სუფრას დაამშვენებს. ასეთი შინაურული ცომეული მაღაზიაში ნაყიდს არაფრით ჩამოუვარდება. სწორედ ამიტომ, მის მომზადებას აუცილებლად გირჩევთ იმის მიუხედავად, რომ სამზარეულოში არა ერთი საათის გატარება მოგიწევთ.