უგემრიელესი მთიულური მხლოვანა საყვარელი ბებოს რეცეპტით

როცა სოფელში ჩავდიოდი, საყვარელი ბებო ყოველთვის მიცხობდა უგემრიელეს მხლოვანას. ალბათ ამიტომაც მიყვარს ეს კერძი განსაკუთრებულად. ბებოს მომზადებული ნებისმიერი კერძი ხომ ტკბილ მოგონებებთან ასოცირდება.

ერთ მშვენიერ დღეს კი მასწავლა მისი მომზადება, და დღეს უკვე მეც დიდი სიყვარულით ვუცხობ ჩემს შვილიშვილებს. მინდა ეს გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი – 1 კგ
  • წყალი – 0,5 ლ
  • საფუარი – 1/2 ჩაის კოვზი
  • ჭარხლის ფოთოლი – 1 კგ
  • ყველი – 300 გ
  • ერბო – 100 გ
  • მწვანე ხახვი და ქინძი 50-50 გ
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. წითელი ჭარხლის ფოთოლი გავარჩიოთ, გავრეცხოთ და წვრილად დავჭრათ. მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ ნახევარი საათი.
  2. ხელით ავსრისოთ და გავწუროთ.
  3. დავამატოთ უმარილო ყველი და ავურიოთ.
  4. სურვილისამებრ მხლოვანას შეგვიძლია დავუმატოთ დაჭრილი მწვანე ხახვი და ქინძი.
  5. ცომის მომზადება: ავიღოთ თბილი წყალი. გავხსნათ შიგ ცოტა მარილი და საფუარი.
  6. საფუარი შეიძლება იყოს ქარხნული წესით გამზადებული ფხვნილის სახით, ან სახლში მომზადებული “პურის დედა” (პურის დედა არის დამჟავებული ცომი, რომელიც ძველად ყველა ოჯახს ჰქონდა შენახული საგანგებოდ მისთვის გამოყოფილ თიხის პატარა ქილაში).
  7. ფქვილი ჩავყაროთ ჯამში, შუაში ჩავაღრმავოთ, ჩავასხათ შიგ საფუარიანი წყალი და მოვზილოთ ცომი.
  8. ცომი კარგად შევფუთოთ და დავდგათ თბილ ადგილას გასაღვივებლად დაახლოებით 3-4 საათი.
  9. ავიღოთ ერთი გუნდა, გავაბრტყელოთ, შუაში ჩავდოთ ჩვენ მიერ მომზადებული სატენი და პირი მოვუკრათ.
  10. გავაბრტყელოთ და შევწვათ ტაფაზე ერბოში.

გემრიელად მიირთვით!