ნამცხვარი ეკლერი ყველამ იცის და ბევრს ძალიან უყვარს, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ტორტი „ეკლერიც“ არსებობს. გემოთი იგივეა, ოღონდ განსხვავებული გაფორმება აქვს. მრავალფეროვნებისთვის ცუდი არაა.
ამ შესანიშნავი დესერტის ყოველდღე მომზადებას გამოუცდელი მზარეულიც კი შეძლებს. ჩვენი მარტივი რჩევები დაგეხმარებათ, სწორი მოხარშული კრემის და ფხვიერი ცომის მომზადებაში. ერთხელ გასინჯვის შემდეგ, მისი გემოს დავიწყებას ვერ შეძლებთ და მას არა მხოლოდ დღესასწაულზე, არამედ ყოველდღიურად გააკეთებთ.
ინგრედიენტები:
- 190 გრ ფქვილი
- 625 მლ რძე
- 125 მლ წყალი
- 175 გრ კარაქი
- 6 კვერცხი
- 145 გრ შაქარი
- 0,25 ჩ/კ მარილი
- 2 ს/კ მზესუმზირას ზეთი
- 200 მლ ნაღები
- 30 გრ შაქრის პუდრა
- 1 ჩ/კ ვანილის შაქარი
- 40 გრ შავი შოკოლადი
- 20 მლ კარამელის სოუსი
მომზადება:
1. 125 მლ წყალი საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ, 125 მლ რძე, 0,25 ჩ/კ მარილი, 25 გრ შაქარი, 115 გრ კარაქი დაუმატეთ და ნარევი ადუღებამდე მიიყვანეთ.
2. 140 გრ ფქვილი დაუმატეთ და ჯერ სათქვეფელით ათქვიფეთ, შემდეგ კოვზით ცომი ქვაბის კედლებს მოაშორეთ. ცომიანი ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით და 5 წუთით გააგრილეთ. 4 კვერცხი დაუმატეთ, თითოეული კვერცხის დამატების შემდეგ აურიეთ.
3. საცხობ ფორმას (25×30 სმ) მზესუმზირას ზეთი წაუსვით და ცომი გადაიტანეთ. ზედაპირი გაასწორეთ და ცომი ფორმის კედლებისკენ მისწიეთ. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20-30 წუთით აცხვეთ. ცხობის დროს ღუმელის კარის გაღება არ შეიძლება.
4. ამ დროში კრემი მოამზადეთ: ქვაბში 450 მლ რძე გააცხელეთ, 10 გრ შაქრის პუდრა დაუმატეთ და აურიეთ. ცალკე თასში 120 გრ შაქარი, 2 კვერცხი და ვანილის შაქარი სათქვეფელით ათქვიფეთ. 50 გრ ფქვილი დაუმატეთ და ინტენსიურად მოურიეთ. შემდეგ 50 მლ რძე დაუმატეთ და ათქვიფეთ, რომ პატარა გოროხები არ შეიქმნას.
5. კვერცხის ნარევი რძეში ჩაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ, გაუჩერებლივ აურიეთ. 5 წუთის შემდეგ, როცა კრემი გასქელდება, გაზიდან გადმოდგით და სხვა ჭურჭელში გადაიტანეთ. 50 გრ კარაქი დაუმატეთ, აურიეთ, ჭურჭელს საკვები ცელოფანი დააფარეთ და ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ.
6. 30 % ცხიმიანობის მქონე ნაღები 20 გრ შაქრის პუდრასთან ერთად მიქსერით ათქვიფეთ, სანამ კარგ ქაფს არ მიიღებთ და მოხარშულ კრემს აურიეთ. მთელი კრემი გამომცხვარ ბისკვიტს წაუსვით, ზედაპირი გაათანაბრეთ და გააგრილეთ.
7. შავი შოკოლადი 10 გრ კარაქთან ერთად წყლის ორთქლზე გააცხელეთ, საკონდიტრო პაკეტში გადაიტანეთ და ტორტი ჭიქურის წვრილი ზოლებით მორთეთ. იგივე კარამელის სოუსით გააკეთეთ. მზა ტორტი მაცივარში 4 საათით შედგით.
თუ რთული დესერტის მომზადებაზე მთელი დღის დაკარგვა არ გსურთ, გიგანტური ეკლერი კარგი ალტერნატივა იქნება. ასეთი ტორტი მოხარშული კრემით შეგიძლიათ სადღესასწაულო სუფრაზე ან ოჯახურ სადილზე თამამად გამოიტანოთ. ის ზარმაცი ტკბილეულის მოყვარულებისთვის იდეალურია და პრეტენზიული სტუმრებისთვის იდეალური დესერტი იქნება.