სიცილიური პესტო ქორფა მწვანილითა და კაპარის ნაყოფით მზადდება და ხმელთაშუაზღვისპირეთის არომატებითაა გაჯერებული.
კაპარი – ეკლიანი ბუჩქბალახია. გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში. ჩვენში ძირითადად აღმოსავლეთში გვხვდება. მის კოკორს, მკვახე ნაყოფს, ნორჩ ყლორტებს ამწნილებენ. მწიფე ნაყოფს მიირთმევენ.
ინგრედიენტები:
- 4 წვნიანი პამიდორი
- 3 ს.კ. დამწნილებული კაპარი
- 4 ს.კ. ნუში
- 3 ს.კ. ოხრახუში
- 3 ს.კ. პიტნა
- 1 ს.კ. რეჰანი
- 2 კბილი ნიორი
- 1/2 მწარე წითელი წიწაკა
- 90 მლ ( 6 ს.კ. ) ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
- მარილი, შავი პილპილი
- 500 გ პამიდორი ჩერი
- 500 გ სპაგეტი
- 12 კაპარის ნაყოფი
მომზადების წესი:
- დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ მარილი და აადუღეთ, ჩაყარეთ სპაგეტი, ბოლომდე არ მოხარშოთ.
- სანამ პასტა მოიხარშება, სამზარეულოს კომბაინში მოათავსეთ შუაზე გაჭრილი პამიდორი, წყალგავლებული კაპარი, ნუში, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, პიტნა, რეჰანი, 1 კბილი ნიორი და წიწაკა, დაასხით 4 ს.კ. ზეთი და ერთგვაროვან მასად აქციეთ. შეაზავეთ მარილითა და ახალდაფქული პილპილით.
- დარჩენილი ნიორი თხლად დაჭერით და საშუალო ცეცხლზე 3-4 წთ პამიდორთან ერთად მოშუშეთ. პამიდორი ოდნავ უნდა დარბილდეს და წვენიც ოდნავ ამოშრეს.
- მომზადებული სპაგეტი პამიდვრიან ტაფაში გადაიტანეთ, დაუმატეთ პესტო. ტაფა მძლავრად შეანჯღრიეთ. კერძი რეჰანის ფოთლებითა და კაპარის ნაყოფით მორთეთ.
სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.