სერბულ ბლითებს სიროფში ვავლებ, რომ ორიგინალური გემო მივიღო

395

ჩაიზე მისაყოლებელი ტკბილეული ჩვენს სამუშაო დღეებს ამსუბუქებს და სასიამოვნოს ხდის. Gastronomia.ge–ს რედაქცია სერბული ბლითების რეცეპტს გთავაზობთ. ჯევრეკსაც უწოდებენ. სერბულ სამზარეულოზე ცოტას საუბრობენ. როგორც წესი, ქართული ან აზიური სამზარეულო გვახსენდება, როცა რაღაც მსგავსის გაკეთება გვსურს, არადა სერბულიც გემრიელია. რბილი ბლითები ერთად მოვამზადოთ.

ტკბილეული ჩაიზე მისაყოლებლად

ინგრედიენტებს გადავხედე და ძალიან გამიხარდა. ბლითებს სტანდარტული ნაკრები სჭირდება, არაფერი განსაკუთრებული. ტკბილი ბლითებისთვის სიროფსაც აკეთებენ, რომ უფრო გემრიელი გამოვიდეს. საყვარელი მურაბით, ჯემით ან შესქელებული რძით თამამად ჩაანაცვლეთ.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა რძე
  • 7 გ საფუარი
  • 1 ს/კ შაქარი
  • ფქვილი თვალით
  • 1 ჭიქა კარაქი
  • 1 ჭიქა შაქარი სიროფისთვის
  • ვანილი
  • 1 ჭიქა შაქარი ამოსავლებად

მომზადების წესი:

1. რძე აუცილებლად გააცხელეთ და 1 კოვზი შაქარი დაუმატეთ. აურიეთ და 7 გ საფუარი დაუმატეთ. ახლა საფუარის ნარევს გასააქტიურებლად ცოტა დრო მიეცით.

2. კარაქი ორთქლის აბანოზე გაადნეთ და ცოტა ხნით გააგრილეთ. ამის შემდეგ რძე–საფუარის ნარევს დაუმატეთ.

3. ფქვილის დამატების დროა. მისი რაოდენობა თვალით განსაზღვრეთ. ცომი რბილი უნდა გამოვიდეს. როგორც წესი, ნახევარი კილოგრამი ფქვილი სჭირდება.

4. ცომის გაბრტყელების დროა. დაახლოებით 2 მმ სისქის ფენა უნდა მიიღოთ. ბლითები შეგიძლიათ გამოჭრათ. ამისთვის ჭიქა და ბოთლის თავსახური აიღეთ. პირველით ბლითი გამოჭერით, მეორით – ცენტრში ნახვრეტი.

5. ბლითები ტეფლონის ფორმაზე შეგიძლიათ გამოაცხოთ, რომელზეც პერგამენტის ქაღალდი უნდა დააფინოთ. 180 გრადუსი საკმარისია. შეწითლებამდე აცხვეთ. მზა ცომეული თეფშზე გადაიტანეთ და გააგრილეთ.

6. 1 ჭიქა წყალს 1 ჭიქა შაქარი დაუმატეთ და სიროფი მოხარშეთ. სურვილისამებრ, ცოტა ლიმონის წვენი დაუმატეთ. ბლითები ცხელ სიროფში ამოავლეთ და შაქრისა და ვანილის ნარევი მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით!

თუ სურვილი გაქვთ, სიროფის ნაცვლად თესლში ან სეზამში ამოავლეთ. დახვეწილი მზარეულები ქოქოსის ფანტელებს იყენებენ. ასე წარმოუდგენლად გემრიელი გამოვა.