თუ მაღაზიაში გასაყიდი ნაყინის ეტიკეტს წაიკითხავთ, საგონებელში ჩავარდებით. ასეთს მტერსაც არ უყიდით. Gastronomia.ge-ს რედაქცია გირჩევთ, რომ ოჯახის წევრებისთვის ნაყინი სახლში მოამზადოთ. შესქელებული რძით საოცრად გემრიელი და ნაზი გამოდის. თან ზედმეტ კალორიას არ შეიცავს. ბავშვები აღფრთოვანდებიან.
ინგრედიენტები:
- 500 მლ ნაღები
- 200 მლ შესქელებული რძე
- შოკოლადი ან ორცხობილა გემოვნებით
მომზადების წესი:
1. გაცივებული ნაღები თასში ჩაასხით. მიქსერით კარგად ათქვიფეთ, რომ ფუმფულა გახდეს. ცხიმიანი ნაღები, მაგალითად, 33%–იანი საუკეთესო ვარიანტია, მაგრამ 15%–იანიც შეგიძლიათ გამოიყენოთ.
2. ამოყვანილ ნაღებს 200 მლ შესქელებული რძე დაუმატეთ და აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
3. შიგთავსად ნებისმიერი რამ გამოგადგებათ. მაგალითად, შოკოლადის კუბი ან გახეხილი შოკოლადი. კაკალი და ჩირიც უხდება.
4. ნარევი ნაყინის სპეციალურ ფორმებში ან კონტეინერში ჩაასხით და საყინულეში 2-3 საათით გაყინეთ. გემრიელად მიირთვით!
თუ შოკოლადის ნაყინი გიყვართ, ნარევს რამდენიმე ჩაის კოვზი კაკაო დაუმატეთ. ნაყინს ორცხობილა „Opeo“ და ნებისმიერი კენკრა ან ხილიც უხდება.