სახლში გამომცხვარი პური, რომელიც პიცაზე გემრიელია. ცომი წყალზე, კვერცხის გარეშე მზადდება

616

უბრალო ნივრის კვერი, რომელიც გემოთი პიცას არ ჩამოუვარდება? 100%–ით სიმართლეა. მისი საიდუმლო სპეციალური საკაზმია მწვანილით. ამ ცომეულის სურნელი გულგრილს არავის ტოვებს. Gastronomia.ge–ს რედაქცია მის მომზადებას გირჩევთ.

ნივრის კვერი არომატული საკაზმით: როგორ მოვამზადოთ

ცომისთვის ტრადიციული დაპრესილი საფუარი გამოვიყენეთ. თუ მშრალ საფუარს იყენებთ, 1 ჩ/კ მშრალი საფუარი გაცრილ ფქვილს აურიეთ, დანარჩენი ინგრედიენტები დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. ნახევარი საათით უნდა გააჩეროთ.

საკაზმად არომატული ზეთია სურნელოვანი ბალახებით და პიკანტური ნივრით. ერთი შეხედვით, ეს საკმარისია. სრულყოფილებას საზღვარი არ აქვს, ამიტომ ბოლო აკორდად წვნიან ზეთისხილს და ნაზ მოცარელას გამოვიყენებთ. ხმელთაშუა ზღვისპირეთის სამზარეულოს კლასიკა მთელი სილამაზით და სიმარტივით!

ინგრედიენტები:

  • 450 გ ხორბლის ფქვილი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 250 მლ წყალი
  • 2 კბილი ნიორი
  • ოხრახუში გემოვნებით
  • რეჰანი გემოვნებით
  • 10 ცალი ზეთისხილი
  • 50 გ მოცარელა
  • 20 გ საფუარი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 100 მლ ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი:

1. საშუალო სიღრმის თასში საფუარი დაფშვენით. თბილი წყალი, 2 ს/კ ფქვილი და შაქარი დაუმატეთ. კარგად აურიეთ, რომ გოროხები არ დარჩეს. ცომის ხაში პირსახოცის ქვეშ 10 წუთით გააჩერეთ.

2. ცომის ხაში ღრმა თასში გადაიტანეთ. დარჩენილი გაცრილი ფქვილი და მარილი დაუმატეთ. ელასტიური ცომი მოზილეთ. პირსახოცი დააფარეთ და სითბოში 30 წუთით გააჩერეთ.

3. სამუშაო ზედაპირს ფქვილი მოაყარეთ. ამოსული ცომი გადმოიტანეთ. არ ჩაზილოთ! საგორავს ფქვილი მოაყარეთ და მაშინვე გაბრტყელება დაიწყეთ. ცომს ძალიან ძლიერ არ დააწვეთ. კვერი ზუსტად 1,5 სმ სისქის უნდა გამოვიდეს.

4. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და მასზე კვერი გადაიტანეთ. პიცის დანით ან ჩვეულებრივი დანით ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად ჩაჭერით. პირსახოცი გადააფარეთ და საკაზმს მიხედეთ.

5. ზეითუნის ზეთი, დაქუცმაცებული რეჰანი და ოხრახუში, დაპრესილი ნიორი აურიეთ. ცოტა მარილი გემოვნებით დაუმატეთ და ისევ აურიეთ.

6. მიღებული საკაზმი კვერს მოასხით ისე, რომ ყველა ღარი გაავსოს. არომატული ზეთი მთელ ზედაპირზე გაანაწილეთ. ზეთისხილები რგოლებად დაჭერით და ცომის თითოეულ ბალიშს დაადეთ. ზემოდან გახეხილი მოცარელა მოაყარეთ.

7. 180 გრადუსზე 20 წუთით აცხვეთ.

არომატული კვერი სტუმრებს გაუტანეთ და ნახავთ, რომ 5 წუთში თეფშზე ერთი ცალიც არ დარჩება. ეს არა უბრალო პური, არამედ დამოუკიდებელი წასახემსებელია მშრალ ან ნახევრად ტკბილ ღვინოზე. მოამზადეთ და სიამოვნებით მიირთვით!