ქოქოსის ფანტელს არამხოლოდ ტკბილეულში, არამედ ხორცისთვის საფანელის სახით იყენებენ. ამ დანამატის გარეშე არ იარსებებდა ბევრისთვის საყვარელი “ბაუნტი” და “რაფაელო”.
თუ სწრაფად გსურთ მოამზადოთ რაიმე გემრიელი დესერტი, “გასტრონომიას” შესანიშნავი რეცეპტი აქვს: ნამცხვარი ქოქოსის ფანტელით, რომელიც არომატული, ნაზი და ჰაეროვანი გამოდის. დიდი სიამოვნება გელით თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს!
ინგრედიენტები
- 190 გრ ფქვილი
- 70 ფრ ქოქოსის ფანტელი
- 400 გრ არაჟანი
- 3 ც კვერცხი
- 125 მლ იოგურტი
- 230 გრ შაქარი
- 90 მლ ზეთი
- 3 ს.კ. შაქრის პუდრი
- 5 გრ გამაფხვიერებელი
- 1 ჩ.კ. ვანილინი
მომზადება
- ათქვიფეთ მიქსერით კვერცხები, შაქარი და ზეთი, დაუმატეთ იოგურტი, ვანილინი, ფქვილი, გამაფხვიერებელი და კიდევ 1 წთ განმავლობაში ათქვიფეთ.
- დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, დაასხით ცომი, გააბრტყელეთ, შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით.
- ათქვიფეთ არაჟანი და შაქრის პუდრი, წაუსვით გაცივებულ ბისკვიტს, მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი.
- შედგით ნამცხვარი მაცივარში 1 საათით, სურვილისამებრ მორთეთ პიტნის ფოთლებით.
ნაზი და ჰაეროვანი კრემი შეგიძლიათ ნაღებისგანაც მოამზადოთ. მიირთვით საუცხოო დესერტი ჩაისთან, გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!