გაზაფხული დადგა და ზოგიერთ ბოსტანში უკვე არომატული მწვანე ხახვი გამოჩნდა. რთულია, რომ ძველი კეთილი ღვეზელი კვერცხით და მწვანე ხახვით არ გაგახსენდეთ. სად ვიპოვოთ გამოცდილი რეცეპტი?
Gastronomia.ge-ს რედაქცია საქმეს გიმარტივებთ და ალექსანდრ სელეზნევის, კულინარიული წიგნის ავტორის და ტელეწამყვანის, რეცეპტს გთავაზობთ. ალა პუგაჩოვას საყვარელი კონდიტერი იხსენებს, თუ როგორ მუშაობდა ადრე რესტორან „მეტროპოლში“. მისი თქმით, იქ ღვეზელის ცომს მხოლოდ თბილ რძეზე ზელდნენ.
ღვეზელი კვერცხით და მწვანე ხახვით
ცომის ინგრედიენტები:
- 1 კგ ფქვილი
- 125 გ შაქარი
- 23 გ მარილი
- 4 კვერცხი
- 400 გ თბილი რძე
- 20 გ მშრალი საფუარი
- 125 გ რბილი კარაქი
შიგთავსის ინგრედიენტები:
- 5 კვერცხი
- მწვანე ხახვი
- კარაქი შესაწვავად
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი:
1. გაცრილი ფქვილი, შაქარი, მარილი, კვერცხი, რძე და საფუარი თასში აურიეთ.
2. ცომის მოზელა დაიწყეთ და 125 გრამი რბილი კარაქი დაუმატეთ.
3. დიდხანს მოზილეთ, რომ ცომი ელასტიური გახდეს.
4. ახლა პარკი დააფარეთ და 1,5 საათით თბილ ადგილას გააჩერეთ. სელეზნევი იხსენებს, რომ რესტორანში ნიჟარაში თბილ წყალს აგროვებდნენ და თასს მასში დებდნენ.
5. მითითებული ვადის შემდეგ ცომი კარგად უნდა ამოვიდეს. ფქვილმოყრილ მაგიდაზე გადაიტანეთ და 50-70 გრამის ბურთები გააკეთეთ. პარკი დააფარეთ და კიდევ 30 წუთით გააჩერეთ.
6. ამ დროში შიგთავსი მოამზადეთ. კვერცხი მოხარშეთ, გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით.
7. მწვანე ხახვი დაჭერით და კარაქში მსუბუქად შეწვით.
8. შემწვარი ხახვი და კვერცხი აურიეთ. მარილი და წიწაკა დაუმატეთ. შეგახსენებთ, რომ შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბოსტნეული, სოკო, ხორცი ან ხილი. უნივერსალური ცომი ნებისმიერ მათგანს ეთავსება.
9. ცომის ბურთები კვერებად გააბრტყელეთ.
10. თითოეული კვერის ცენტრში შიგთავსი მოათავსეთ. აუცილებელი არაა, რომ კვერცხის და მწვანე ხახვის ნარევი იყოს. ნებისმიერი რამ დაუმატეთ.
11. ცომი შეკარით, ნაკერით ქვემოთ დადეთ. ცოტა ხნით ამოსასვლელად გააჩერეთ.
12. ამის შემდეგ კვერცხი წაუსვით და პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ.
13. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით აცხვეთ.
14. ცხელ ღვეზელს გამდნარი კარაქი წაუსვით და პირსახოცი დააფარეთ.
15. წარმოუდგენლად რბილი და მდიდრული გამოდის. რაც მთავარია, მეორე დღესაც გემრიელი რჩება. გემრიელად მიირთვით!