თუ აგარაკზე ვაშლის უხვი მოსავალი მიიიღეთ, კომპოტი უკვე შეინახეთ, პეროგი და სხვა დესერტები დააცხვეთ, ნათესავებს დაურიგეთ, მაგრამ მაინც ბევრი დარჩა და არ იცით, სად წაიღოთ, მაშინ ვაშლის ჩირი გააკეთეთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ და შეინახოთ ვაშლის ჩირი.
ვაშლის ჩირის გამოყენების ბევრი ვარიანტი არსებობს. მაგალითად, ღვეზელის შიგთავსში იდეალურია. მისგან ბურახი, კომპოტი, გლინტვეინი შეგიძლიათ გააკეთოთ. ფლავს ან სხვა ცხელ კერძს დაუმატოთ. ვაშლის ჩირი, როგორც სასარგებლო და ჯანსაღი სნექი სამსახურში შეგიძლიათ წაიღოთ ან ბავშვს სკოლაში გაატანოთ. ვაშლის ჩირი სახლის პირობებში მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ. ამისთვის ქვემოთ მოცემული 4 მეთოდიდან ერთ–ერთი აირჩიეთ.
ვაშლის მომზადება
პირველ რიგში, ვაშლი მოამზადეთ. კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ. შუაგული ამოჭერით, ქერქი დატოვეთ. 0,5 სმ სისქეზე დაჭერით. ერთპროცენტიან მარილწყალში ჩადეთ, რომ ვაშლი არ დაიჟანგოს, გემო და სარგებელი არ დაკარგოს.
1. ღუმელში გამოშრობა
ვაშლის ნაჭრები საცხობ ფორმაზე ან გისოსზე დააწყვეთ. კონვექციის რეჟიმზე 7-8 საათით გამოაშრეთ. ღუმელის კარი ოდნავ ღია დატოვეთ. 1,5 საათში ერთხელ აურიეთ.
2. მიკროტალღურში გამოშრობა
ვაშლის ნაჭრები დიდ თეფშზე ერთ ფენად დააწყვეთ. ზემოდან და ქვემოდან ბამბის ქსოვილი დააფინეთ. ღუმელში შედგით და 5 წუთით ჩართეთ.
3. ჩირის აპარატი
ვაშლის ნაჭრები აპარატში ერთ ფენად დააწყვეთ. აპარატი ჩართეთ და ვაშლი 2 საათით გამოაშრეთ.
4. მზეზე გაშრობა
ვაშლის ნაჭრები ძაფზე ააწყვეთ, შემდეგ გარეთ, მზიან ადგილას გაიტანეთ და ჩამოკიდეთ. ღამით სახლში შემოიტანეთ და მარლა გადააფარეთ. როცა ვაშლი წებოვნებას, სირბილეს და ელასტიურობას დაკარგავს, მზად იქნება. ვაშლის ჩირს ხელით უნდა ამტრევდეთ.
ჩირის შენახვა
ჩირის შესანახად ნაჭრის ტომსიკა, მუყაოს ან ქაღალდის ყუთი გამოგადგებათ. მშრალ ოთახში შეინახეთ და ოთახი ხშირად გაანიავეთ. პროდუქტები დროდადრო შეამოწმეთ, რომ მავნებლები არ გაუჩნდეს. პარკი და ჰერმეტული კონტეინერი არ გამოიყენოთ.