როცა ბევრი კულიჩის ცხობას ვაპირებ, გადამდნარ ქონს ვიყენებ. ცომეული გემრიელი გამოდის და ფულსაც ვზოგავ! Gastronomia.ge-ს რედაქცია გიზიარებთ ფაფუკი კულიჩის ქონზე მომზადების დეტალურ ინსტრუქციას.
სააღდგომო კულიჩი ქიშმიშით
ხაშის ინგრედიენტები:
- 0,5 ლ რძე
- 1 ს/კ შაქარი (შაქრის საერთო რაოდენობიდან)
- 40 გრ დაპრესილი საფუარი (ან 15 გ მშრალი)
- 8 ს/კ ფქვილი (ფქვილის საერთო რაოდენობიდან)
ცომის ინგრედიენტები:
- 2 კვერცხი
- 160 გ შაქარი
- 10 გ ვანილი
- 1 კგ ფქვილი
- 100 გ გადამდნარი ქონი (ან ღორის ქონი)
- 100 გ ქიშმიში
- მწიკვი კურკუმა
- 1 ჩ/კ ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა
მომზადების წესი:
1. დიდ თასში ოდნავ შემთბარი რძე (წყლით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ) ჩაასხით. საფუარი დაუმატეთ. როგორც დაპრესილი, ასევე მშრალი საფუარი გამოგადგებათ. ნახეთ, რომელი გაქვთ სახლში. 1 სუფრის კოვზი შაქარი და 8 სუფრის კოვზი ფქვილი დაუმატეთ. საფუარის გახსნამდე აურიეთ. თხევადი, ბლინების მსგავსი ცომი მოზილეთ. პირსახოცი დააფარეთ და თბილ ადგილას 1 საათით გააჩერეთ.
2. მზა ხაშს კვერცხი, შაქარი, ვანილი და გადამდნარი ქონი დაუმატეთ. კულიჩში ქონის გემოს ვერ იგრძნობთ, მაგრამ ფორიანს და უფრო რბილს გახდის. ცოტა კურკუმა გემრიელი ფერისთვის დაუმატეთ. სათქვეფით კარგად აურიეთ.
3. ორ–სამ ნაწილად გაცრილი ფქვილი დაუმატეთ. ცომი ჯერ თასში, შემდეგ მაგიდაზე ხელით მოზილეთ. ცომის მოზელას დაახლოებით ნახევარი საათი დასჭირდება. პერიოდულად მაგიდას ცოტა მცენარეული ზეთი დაუმატეთ, რომ ცომი ხელსა და მაგიდაზე არ მიეკროს. საბოლოოდ, ცომი ხელზე არ უნდა გეკვროდეთ. ცომი ერთ გუნდად დაამრგვალეთ, პირსახოცი დააფარეთ და თბილ ადგილას 2 საათით გააჩერეთ, რომ ამოვიდეს.
4. ამოსული ცომი ჩაზილეთ. გარეცხილი და მშრალი ქიშმიში და ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა დაუმატეთ. აურიეთ.
5. ფორმის ძირსა და გვერდებს მცენარეული ზეთი წაუსვით, რომ ცომი მარტივად მოაშოროთ. ცომი ფორმებში გაანაწილეთ. თითოეულში ფორმის 1/3 მოცულობა გაავსეთ. ცომს კიდევ ერთხელ ამოსვლა აცადეთ. ამ დროში ღუმელი 180 გრადუსამდე გაახურეთ.
6. ცხობის წინ კულიჩებს ზემოდან ათქვეფილი კვერცხი წაუსვით. წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთით აცხვეთ. ღუმელში გისოსზე გაგრილება აცადეთ.
7. ნებისმიერი ჭიქური, მაღაზიის ან სახლში მომზადებული (ათქვეფილი კვერცხის და შაქრის ნარევი) გამოგადგებათ. კულიჩი თქვენი გემოვნებით გააფორმეთ. გემრიელად მიირთვით!
გემრიელი სააღდგომო კულიჩის დეტალური რეცეპტი შეცდომის დაშვების საშუალებას არ მოგცემთ. კულიჩი კარგი განწყობით მოამზადეთ. წარმატებულ ცხობას და ბედნიერ აღდგომას გისურვებთ. დაე, ცა იყოს მშვიდი, დღესასწაული ნათელი!