როგორ მოვამზადოთ სქელი, მდგრადი და ჰაეროვანი არაჟნის კრემი ერთი საიდუმლო ინგრედიენტის დამატებით

3761

არაჟნის კრემი ბევრი დიასახლისის საყვარელი დანამატია სახლში მომზადებული ნამცხვრებისა და ტორტებისთვის. მისი მომზადება ძალიან მარტივია, იგი საოცრად ჰაეროვანი, ფაფუკი და გემრიელი გამოდის. ამ კრემის გარეშე წარმოუდგენელია ისეთი კლასიკური დესერტები, როგორიცაა “რძის გოგონა”, “სამონასტრო ქოხი”, და, რა თქმა უნდა, ყველასთვის საყვარელი “მედოვიკი”.

მაგრამ ხშირად, არაჟნის კრემის გარეგნობა მის გემოს ძალიან ჩამორჩება, რადგან იგი ვერ ინარჩუნებს ფორმას და ადვილად დნება. თუმცა, ტრადიციული არაჟნის კრემის გაუმჯობესება ძალიან მარტივად შეიძლება. იმისთვის, რომ კრემი უფრო ჰაეროვანი და სქელი გამოვიდეს, მომზადების პროცესში საკმარისია ერთი ინგრედიენტი დაამატოთ.

ინგრედიენტები

  • 400 მლ არაჟანი
  • 2 ს.კ. სახამებელი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • ვანილის ექსტრაქტი გემოვნებით

მომზადების წესი

1. გაცივებული არაჟანი ათქვიფეთ ჩვეულებრივი ან ხელის მიქსერით 10-15 წუთით. მისი მოცულობა რამდენჯერმე უნდა გაიზარდოს. შემდეგ დაუმატეთ არაჟანს შაქარი და ექსტრაქტი (ამისთვის საუკეთესოა ვანილის და ალუბლის).

2. მოუმატეთ მიქსერის სიმძლავრეს და ათქვიფეთ, სანამ შაქარი მთლიანად არ გაიხსნება. შემდეგ შედგით კრემი მაცივარში დაახლოებით ერთი საათით. დროის გასვლის შემდეგ, არაჟანს სახამებელი დაუმატეთ, კარგად ათქვიფეთ და კვლავ შედგით მაცივარში 40 წუთით.

ასეთი კრემი, ექსტრაქტების გარეშე, ძალიან უხდება მედოვიკს, ექსტრაქტებთან ერთად კი იდეალურია ეკლერის, შუსა და ტორტების გასაფორმებლად. ექსტრაქტების ნაცვლად, კრემს მომზადების პროცესში შეგიძლიათ დაუმატოთ 2 კოვზი კაკაოს ფხვნილი. არაჟნის შოკოლადიანი კრემი ბავშვებს ძალიან მოსწონთ.