როდესაც ცოტაოდენი შთაგონება და სწორი პროდუქტი მაქვს, ყოველთვის ვამზადებ საფუარიან ფუნთუშებს სალის და არომატული კარაქის შიგთავსით. ასეთი ფუნთუშები ძალიან უყვართ ჩემს ქმარს და მამაჩემს, რადგან, მათი თქმით ის ძალიან უხდება ლუდს.
ინგრედიენტები
- 300 გრ ხორბლის ფქვილი
- 60 გრ კარაქი
- 50 მლ წყალი
- მწიკვით მარილი
- 1 ც კვერცხის გული
- 1 კონა მწვანე ხახვი
- 110 მლ რძე
- 25 გრ შაქარი
- 3 გრ საფუარი
- 1 ც კვერცხი
- 100 გრ სალა
მომზადების წესი
1. პატარა თასში შეურიეთ ერთმანეთს 3 ს.კ. ფქვილი, მწიკვით შაქარი და 3 ს.კ. მდუღარე წყალი. კარგად მოურიეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი სქელი მასა.
2. თბილ რძეში ჩაყარეთ საფუარი და 1 ს.კ. ფქვილი, ფრთხილად მოურიეთ და 10 წუთით გააჩერეთ თბილ ოთახში.
3. დარჩენილი ფქვილი შეურიეთ კვერცხს, დაუმატეთ ნაზავს რძიანი მასა, შემდეგ მდუღარე წყლიანი მასა, შაქარი და მარილი. ყველაფერი კარგად მოურიეთ და დაუმატეთ 30 გრ დარბილებული კარაქი. მოზილეთ მკვრივი ცომი (ხელზე არ უნდა ეკვრობოდეს) და შეინახეთ თბილ ადგილას 60 წუთით.
4. აფუებული ცომისგან გააკეთეთ პატარა ბურთულები, გადააფარეთ სამზარეულოს ხელსახოცი და “დაასვენეთ” 10 წუთით. ამ დროის განმავლობაში მოამზადეთ შიგთავსი: წვრილად დაჭერით მწვანე ხახვი და შეურიეთ დარჩენილ კარაქს, სალა კი საშუალო ზომის თხელ ნაჭრებად დაჭერით.
5. ცომის თითოეული ბურთულა გაწელეთ თითებით, მოათავსეთ მათში სალის ნაჭრები და მიეცით ცომს კვლავ ბურთის ფორმა. შემდეგ გადააბრუნეთ და ცენტრში დანით პატარა ზომის გრძივი ჭრილი გააკეთეთ ისე, რომ ხორცის შიგთავსი ჩანდეს.
6. საცხობ ლანგარზე დააფინეთ პერგამენტი და დაალაგეთ მასზე ფუნთუშები, წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და თითოეულზე მოათავსეთ ნახევარი ჩ.კ. მწვანე ხახვისა და კარაქის ნაზავი. გამოაცხვეთ ფუნთუშები 200 გრადუსზე, დაახლოებით 7-10 წუთით.
აუცილებლად მიირთვით ფუნთუშები თბილ მდგომარეობაში, რათა კარაქისა და მწვანე ხახვის არომატი მაქსიმალურად შენარჩუნდეს. თუ გსურთ, გამოცხობამდე 5 წუთით ადრე ფუნთუშებს ზემოდან გახეხილი ყველი მოაყარეთ – ასე გაცილებით გემრიელი გამოვა ისინი. გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!