როგორ მოვამზადოთ ნამდვილი სვანური კუბდარი

3921

კარგი კუბდარის მომზადებას ცხადია სათანადო ცოდნა სჭირდება. სვანური კუბდარი ის კერძია, რომელსაც  ქართულ ცომეულ კულინარიაში ნამდვილად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. რეცეპტი კი ასეთია:

ინგრედიენტები:

ცომისთვის:

  • ფქვილი  –  150 გ
  • საფუარი – 5 გ
  • შაქარი – 2 გ
  • მარილი – 5 გ
  • ზეთი – 20 მლ
  • წყალი – 100 მლ
  • კარაქი – 10 გ

გულსართისთვის:

  • დეკეულის ხორცი (ახალგაზრდა საქონლის ხორცი ) – 100 გ
  • ღორის ცხიმიანი ხორცი – 100 გ
  • ხახვი – 100 გ
  • ნიორი – 2-3 კბილი
  • ხმელი ქინძი – 2 გ
  • გიცრული (ან ძირა) – 2 გ
  • დაღერღილი წიწაკა – 2 გ
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. საფუარი და შაქარი გახსენით თბილ წყალში. ცალკე თასში ჩაყრილ ფქვილს შეურიეთ მარილი, დაასხით საფუვრიანი მასა და მოზილეთ ცომი. გაითვალისწინეთ, ხაჭაპურის ცომზე უფრო მაგარი უნდა გამოვიდეს. ბოლოს ზეთიანი ხელით გადაზილეთ, გადაიტანეთ ღრმა თასში და ტილო გადააფარეთ. 30 წუთში ისევ გადაზილეთ ზეთში დასველებული ხელით, კვლავ გადააფარეთ ტილო და დადგით ასაფუებლად.
  2. გულსართისთვის – დეკეულის და ღორის ხორცი და ხახვი დაჭერით რაც შეიძლება წვრილად. დაამატეთ ხმელი ქინძი, გიცრული, დაღერღილი წიწაკა, წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი და კარგად აურიეთ.
  3. ცომი რომ კარგად აფუვდება, აიღეთ 200-გრამიანი გუნდა, ოდნავ გააბრტყელეთ, დაადეთ ზემოდან გულსართი და მოუკარით თავი. გააბრტყელეთ ისე, რომ დაახლოებით 1 სმ სისქის კუბდარი მიიღოთ. შუაში დატოვეთ 2 სმ ზომის ნასვრეტი. გამოაცხვეთ ღუმელში 180-200 გრადუსზე. გახსოვდეთ, კუბდარი ცხვება შედარებით დაბალ ტემპერატურაზე, ვიდრე ხაჭაპური, რათა გულსართმა მომზადება მოასწროს.
  4. კარგად რომ დაიბრაწება, გამოიღეთ ღუმელიდან და ზემოდან კარაქი გადაუსვით.