პასქა რომ არ გამუქდეს, ცხობის წინ ეს ნარევი წაუსვით. დიასახლისების ხრიკები

281

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ახლოვდება და დამწყები კულინარები პასქების იდეალურ რეცეპტებს ინტერნეტ სივრცეში ეძებენ. ყველა დიასახლისი პასქას თავისებურად აცხობს, ამიტომ იმდენი პასქის რეცეპტია, რამდენი დიასახლისიც არსებობს. Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ, დღევანდელი რეცეპტი თქვენს კულინარიულ წიგნს შემატოთ. ასე ხომ საოცარი პასქა გამოდის. გაგიმხელთ, რა წაუსვათ პასქას ცხობის წინ, რომ არ გამუქდეს.

სააღდგომო ცომის რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 1 ლ ახალი რძე
  • 200 გ კარაქი
  • 100 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 7 კვერცხი
  • 100 გ დაპრესილი საფუარი
  • 3 ჭიქა შაქარი
  • 250 გ ქიშმიში
  • 3 კგ უმაღლესი ხარისხის ფქვილი
  • 2 პაკეტი ვანილი
  • მწიკვი მარილი
  • 1 ლიმონის ცედრა (ფორთოხალი)

მომზადების წესი:

1. 30 გრადუსამდე შემთბარი რძე დიდ თასში ჩაასხით. დაუმატეთ 1 მუჭა შაქარი, საფუარი და 2–3 მუჭა ფქვილი. აურიეთ. პირსახოცი ან სალფეთქი დააფარეთ და 25-30 წუთით თბილ ადგილას გააჩერეთ.

2. კვერცხი ათქვიფეთ და ცომის ხაშს დაუმატეთ. მწიკვი მარილი, დარჩენილი შაქარი, გარეცხილი ქიშმიში, ცედრა და ვანილი დაუმატეთ. აურიეთ, რომ შაქარი გაიხსნას. ფქვილი გაცერით და ნაწილ–ნაწილ ნარევს დაუმატეთ. კონსისტენციას დააკვირდით. მთელი ფქვილი შესაძლოა არ დაგჭირდეთ. ცომი დაღლამდე მოზილეთ. ელასტიური ერთიანი მასის მიღების შემდეგ ხის ჩხირით დახვრიტეთ. ასე ცომი სუნთქვას შეძლებს. სალფეთქი დააფარეთ და თბილ ადგილას 1 საათით გააჩერეთ.

3. ცომი ჩაზილეთ. გამდნარი კარაქი და ზეთი დაუმატეთ. აურიეთ, სანამ ძალა გაქვთ. ისევ ხის ჩხირით დახვრიტეთ. თასს სალფეთქი ან პირსახოცი დააფარეთ და 40-60 წუთით თბილ ადგილას გააჩერეთ.

4. ამოსული ცომი ჩაზილეთ. თუ ქაღალდის ფორმებს იყენებთ ზეთის წასმა საჭირო არაა. ფორმების 1/3 მოცულობა ცომით გაავსეთ. პირსახოცი დააფარეთ და 25-30 წუთით თბილ ადგილას გააჩერეთ. მორწმუნე დიასახლისები პატარა ნაკურთხ ბზას ფორმის კიდეზე არჭობენ, რომ პასქა ლამაზი და თანაბარი ამოვიდეს. ალუბლის ტოტი ან ხის ჩხირიც გამოგადგებათ.

5. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ფორმები მოათავსეთ, როცა ცომი ამოვა. ცხობის წინ პასქებს ზემოდან შეგიძლიათ სხვადასხვა ნარევი წაუსვათ, რომ მოწითალო ქერქი მიიღოთ. 30-60 წუთით ფორმის ზომის მიხედვით აცხვეთ.

რა წავუსვათ პასქებს ცხობის წინ

პასქებს შეგიძლიათ წაუსვათ ათქვეფილი კვერცხი, ათქვეფილი კვერცხის გულის და რძის ნარევი, ათქვეფილი კვერცხის გულის და წყლის ნარევი. მსუბუქად ათქვეფილი კვერცხის ცილა პასქას წაუსვით, რომ ძალიან მუქი არ გამოცხვეს.

ათქვეფილი კვერცხის გულიც შეგიძლიათ წაუსვათ. შაქრის დამატების შემთვევაში, აკონტროლეთ, რომ პასქის თავი ძალიან არ გამუქდეს. შეგიძლიათ კვერცხის გული უკვე ცხელ გამომცხვარ პასქას წაუსვათ.

ათქვეფილი კვერცხის და შაქრის ნარევი შეგიძლიათ წასასმელად გამოიყენოთ. ასე მოწითალო პასქებს მიიღებთ. ტკბილი სიროფი ცხელ გამომცხვარ პასქებზე გამოიყენეთ. ამისთვის 100 გ შაქარს 3 ს/კ წყალი და მწიკვი ვანილი დაუმატეთ და სიროფი მოხარშეთ.

თუ პასქების ჭიქურებით მორთვას აპირებთ, ცხობის წინ არაფრის წასმა საჭირო არაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჭიქური შეიძლება არ გამაგრდეს. პასქების ცხობისას სახლში სიწყნარე და სიმშვიდე უნდა სუფევდეს!