ორცხობილა „ყურები“ მრავალფენიანი ტექსტურის და განუმეორებელი არომატის გამო ერთ–ერთი პოპულარული დესერტია ჩაიზე მისაყოლებლად. Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ძველი დესერტის მომზადებას ახალი მეთოდით. უკრაინელი ბლოგერი, ლილია ცვიტი ორცხობილის საინტერესოდ მომზადების და გაფორმების ვარიანტს გვიზიარებს.
ორცხობილა „ყურები“
ჩვეულებრივ, ორცხობილა კარაქით, კვერცხით და ფქვილით მზადდება. დღეს კი საფუძვლად ხაჭოს გამოვიყენებთ. ასე ბევრად უფრო ფაფუკი ტკბილეული გამოდის, რომელიც პირში დნება. რეკომენდაციას ვუწევთ.
ინგრედიენტები:
- 300 გ ხაჭო
- 150 გ კარაქი
- 200-250 გ ხორბლის ფქვილი
- 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 4 ს/კ შაქარი
- 1 ჩ/კ ვანილი
მომზადების წესი:
1. სასურველია, სახლის ხაჭო გამოიყენოთ. მის შეძენას ბაზარზე თავისუფლად შეძლებთ. მაღაზიაში ნაყიდიც გამოგადგებათ. ხაჭო ღრმა თასში გადაიტანეთ და ჩანგლით დაჭყლიტეთ.
2. გამდნარი კარაქი ჩაასხით და აურიეთ. გაითვალისწინეთ, რომ კარაქი ცხელი არ უნდა იყოს. ხაჭო ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ.
3. ფქვილი და გამაფხვიერებელი გაცერით და ხაჭოს მასას დაუმატეთ. ელასტიური ცომი მოზილეთ. 10-15 წუთი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.
4. სამუშაო ზედაპირს ფქვილი მოაყარეთ და ცომი გადაიტანეთ. მაქსიმუმ 0,5 სმ სისქეზე მართკუთხედად გააბრტყელეთ. შაქარი და ვანილი აურიეთ და ნარევი ცომს მოაყარეთ. შაქრის რაოდენობა თქვენით აირჩიეთ, რადგან ცომში შაქარი საერთოდ არაა.
5. ცომი ორი მხრიდან რულეტივით დაახვიეთ. ასე ორმაგ რულეტს მიიღებთ, რომელიც 1 სმ სისქის ნაჭრებად უნდა დაჭრათ.
6. მიღებული „ყურები“ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. წინასწარ პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. ერთმანეთს შორის დისტანცია დაიცავით. 180 გრადუსამდე ღუმელში 30 წუთი შეწითლებამდე აცხვეთ.
ორცხობილებს გაცივება აცადეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გაიტანეთ სუფრაზე. შაქრის ნარევს დარიჩინი შეგიძლიათ დაუმატოთ, ასე უფრო არომატული გამოვა.
გარდა ამისა, ორცხობილებს ქოქოსის ფანტელები ან დაქუცმაცებული კაკალი შეგიძლიათ მოაყაროთ. შოკოლადითაც კარგია. ასე ტკბილეული მხოლოდ მოიგებს.