თუ „ნაპოლეონი“ თქვენი ფავორიტი დესერტია, მისი მომზადების ასეთი ვარიანტი თქვენს კულინარიულ წიგნში უნდა მოხვდეს. მას ზარმაცების რეცეპტს უწოდებენ, რადგან გამოცხობა არ სჭირდება. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიზიარებთ უკრაინელი მზარეულის ლილია ცვიტის ხრიკებს, როგორ გააკეთოთ „ნაპოლეონი“ ცხობის გარეშე მარტივად.
ინგრედიენტები:
- 0,5 კგ ფენოვანი ორცხობილა
- 2 კვერცხი
- 1 ლ რძე
- 200 გ შაქარი
- 10 გ ვანილი
- 80 გ სახამებელი
- 100 გ კარაქი
მომზადების წესი:
1. კვერცხი სქელძირიან ქვაბში ჩატეხეთ. დაუმატეთ შაქარი, ვანილი და სახამებელი. ინგრედიენტები სილიკონის სპატულით კარგად ათქვიფეთ. ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ.
2. თანდათან რძე დაუმატეთ (2–3 ნაწილად). მიღებული ნარევი სუსტ ცეცხლზე დადგით და მუდმივად აურიეთ. როგორც კი გასქელებას დაიწყებს და ადუღდება, ქურიდან გადმოდგით.
3. კრემს კარაქის ნაჭრები დაუმატეთ და დააბლენდერეთ. 15-20 წუთით გასაცივებლად გააჩერეთ.
4. ფორმას, რომელსაც გვერდები ეხსნება, პერგამენტი ჩააფინეთ. გამომცხვარი ბისკვიტის ნაცვლად ფენოვანი ორცხობილა შეგიძლიათ გამოიყენოთ. ორცხობილები ფორმაში ჩააწყვეთ. ერთმანეთთან მჭიდროდ უნდა ჩააწყოთ, ამიტომ თუ საჭიროა ორცხობილები დატეხეთ. მოხარშული კრემი უხვად წაუსვით. ასე ტორტი კარგად გაიჟღინთება და ოდნავ სველი გახდება.
5. ისევ ორცხობილის ფენა და კრემი დაუმატეთ. ასე გააგრძელეთ კრემის და ორცხობილის დამთავრებამდე. დაახლოებით 4 ფენა გამოდის. ცოტა ორცხობილა გასაფორმებლად გადადეთ. ბოლო ფენას კრემი წაუსვით, შემდეგ ორცხობილის ნაფშვენი მოაყარეთ. მზა ტორტი 2 საათით მაინც მაცივარში შეინახეთ. ამის შემდეგ რგოლი შეგიძლიათ მოხსნათ და ტორტის გვერდებიც ნაფშვენით გააფორმოთ.
6. „ნაპოლეონი“ ცხობის გარეშე მზადაა.
დესერტები ცხობის გარეშე ნამდვილი აღმოჩენაა მათთვის, ვისაც ტკბილეული უყვარს, მაგრამ სამზარეულოში დიდხანს ტრიალი არ მოსწონთ. ზარმაცების ნაპოლეონი გემრიელი და ძალიან სწრაფია. გირჩევთ, სახლში მომზადება სცადოთ. ოჯახის წევრებს ნამდვილად გაახარებთ.