ნაზი პეროგი ფორთოხლის წვენით უბრალოდ აღმოჩენაა, როცა ჩაიზე მისაყოლებელი არ გაქვთ

680

გიყვართ ტკბილეული? საოცარი პეროგი ფორთოხლის წვენით გამოაცხვეთ. ამ დესერტის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მარტივად, სამ დათვლაში მზადდება. ყველაფერი აურიეთ და მზადაა!

Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ჰაეროვანი, ნაზი ფორთოხლის პეროგის რეცეპტს, რომელიც წარმოუდგენლად არომატული და გემრიელი გამოდის. მინიმალურ ძალისხმევას, ფინანსებს და დროს დახარჯავთ. ტკბილეული გარგარის ჯემით და ქოქოსის ფანტელებით გააფორმეთ. ხილის ფერით გაჯერებული დესერტი ფინჯან ცხელ ჩაისთან ერთად საუკეთესოა!

ინგრედიენტები:

  • 3 კვერცხი
  • 120 გ შაქარი
  • 100 მლ მზესუმზირას ზეთი
  • 1 ფორთოხალი
  • 15 გ გამაფხვიერებელი
  • ქოქოსის ფანტელები გემოვნებით
  • მწიკვი მარილი
  • ვანილი გემოვნებით
  • 125 გ იოგურტი
  • 180 გ ხორბლის ფქვილი
  • გარგარის ჯემი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, ფორთოხალი მოამზადეთ. კარგად გარეცხეთ და წვრილი სახეხით ცედრა მოაცილეთ. იმავე ფორთოხლიდან წვენი გაწურეთ.

2. კვერცხი, შაქარი და მწიკვი მარილი ქაფის წარმოქმნამდე მიქსერით ათქვიფეთ.

3. მზესუმზირას ზეთი წვრილ–წვრილად დაუმატეთ, ათქვეფა არ შეწყვიტოთ.

4. იოგურტი, ფორთოხლის ცედრა და წვენი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.

5. მიღებულ მასას გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი მცირე პორციებით დაუმატეთ და ერთგვაროვანი ცომი მოზილეთ.

6. 20 სმ დიამეტრის საცხობ ფორმას ცოტა ზეთი წაუსვით, ფქვილი მოაყარეთ და ცომი ჩაასხით.

7. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით აცხვეთ.

8. მზა პეროგს გარგარის ჯემი წაუსვით და ქოქოსის ფანტელები მოაყარეთ.

ჰაეროვანი და ნაზი პეროგი ყოველდღიურ ჩაის სმას სადღესასწაულოდ აქცევს. მისი ღვთაებრივი არომატი სახლს სიმყუდროვით გაავსებს. ერთხელ ამ დესერტის გასინჯვა საკმარისია, რომ ისევ და ისევ მოამზადოთ!