დღეს Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ნაზი ხაჭოს ტორტის რეცეპტს, რომელიც ხილით გაფორმებულია. სწრაფი და მარტივი რეცეპტია. მისი გემო ნამდვილად მოგეწონებათ. გულგრილი ვერავინ დარჩება. თუ ოჯახში პატარა ონავრები ცხოვრობენ, საქმეში აუცილებლად ჩართეთ, გახალისდებიან. ტორტისთვის სეზონური (მარწყვი, ატამი, ბალი) ან ნებისმიერი სხვა ხილი გამოიყენეთ. ხაჭოსთან ბანანი, ყურძენი, ფორთოხალი და ჟოლო იდეალურ კომბინაციას ქმნის.
ბისკვიტის ინგრედიენტები:
- 200 გ ორცხობილა
- 2 ს/კ შაქარი
- 100 გ კარაქი
შიგთავსის და კრემის ინგრედიენტები:
- 750 გ ხაჭო
- 6 კვერცხი
- 150 გ შაქარი
- ვანილი
- 400 მლ არაჟანი
- 2 ს/კ შაქარი
მომზადების წესი:
1. ბისკვიტის ფენისთვის ცოტა მაგარი ორცხობილა გამოიყენეთ, რომ ფორმა კარგად შეინარჩუნოს. ორცხობილა დააქუცმაცეთ და პარკში ჩაყარეთ. საგორავი გადაატარეთ. მიღებულ ნაფშვენს გამდნარი კარაქი და შაქარი დაუმატეთ.
2. საცხობ ფორმას პერგამენტი ჩააფინეთ და მიღებული ბისკვიტის ფენა მოათავსეთ. გვერდების გაკეთება საჭირო არაა. კარგად ჩატუმბეთ და 25 წუთით საყინულეში გაგზავნეთ.
3. შიგთავსისთვის ხაჭო, შაქარი და ვანილი აურიეთ. მიქსერით ან ბლენდერით ათქვეფა საჭირო არაა. კოვზით ან სპატულით მორევა საკმარისია.
4. ხაჭოს შიგთავსი ბისკვიტის ფენას დაუმატეთ. 150 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45 წუთით აცხვეთ. პროცესი აკონტროლეთ, რადგან ყველა ღუმელს სხვადასხვა სიმძლავრე აქვს. ცხობას შეიძლება 5 წუთით მეტი ან ნაკლები დრო დასჭირდეს.
5. ვადის გასვლის შემდეგ ტორტის გვერდები ოდნავ ამოიწევს, ხოლო შუაგული ოდნავ რბილი შეიძლება იყოს. არაჟნის კრემი წაუსვით. არაჟნის კრემი მარტივად მზადდება. ამისთვის არაჟანი, შაქარი და ვანილი კარგად აურიეთ. კრემი თანაბრად წაუსვით და 10-15 წუთით ღუმელში დააბრუნეთ.
6. გამომცხვარი ტორტი ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ. ამის შემდეგ მაცივარში შეინახეთ და მთელი ღამით ან მინიმუმ 5 საათით გააჩერეთ.
7. ხილით გააფორმეთ. გამდნარი შოკოლადიც გამოგადგებათ. თქვენი გემოვნებით გააფორმეთ. გემრიელად მიირთვით.
რედაქციის რჩევა: ტორტი ბავშვების წვეულებაზე იდეალურია. თუ ცნობილ კონდიტერთან ძვირიან ტორტს ვერ ყიდულობთ, სახლში ხაჭოს ტორტი გამოაცხვეთ. ასე გემრიელ და ლამაზ ტკბილეულს მიიღებთ. ბავშვები ნატურალური დესერტით ნასიამოვნები დარჩებიან.