კლასიკური კრემ-ბრულე (ინგლისურად ხშირად მოიხსენიებენ, როგორც “დამწვარ ნაღებს”) ტრადიციულად კეთდება გაუზავებელი ნაღებით. ამ რეცეპტში ჩვენ გამოვიყენეთ გაზავებული, მსუბუქი ნაღები, რათა დესერტი მძიმე არ ყოფილიყო.
ინგრედიენტები:
- 1 ვანილის ჩხირი
- 300 მლ მსუბუქი ნაღები
- 60 მლ რძე
- 3 დიდი კვერცხის გული
- 50 გ შაქარი
- 100 გ ღია ყავისფერი შაქარი
ულუფა: 4
მომზადება: 20 წუთი + 6 საათი გასაცივებლად
ცხობა: 35-45 წუთი
დონე: 2
მომზადების წესი:
- ელექტროღუმელი გაახურეთ 150 გრადუსზე, აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 2.
- 180 მლ მოცულობის ოთხ საცხობ ყალიბს წაუსვით ცხიმი.
- ვანილის ჩხირი გაჭერით სიგრძეზე და თესლი დანით გამოიღეთ. ქვაბში შეურიეთ ნაღები და რძე, დაუმატეთ ვანილის ჩხირის გული. დადგით საშუალო ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
- გადმოდგით ცეცხლიდან, აცალეთ ერთი საათი, რათა ინგრედიენტები ერთმანეთს კარგად შეერიოს და გემო უკეთ გაუჯდეს.
- საშუალო ზომის თასში მიქსერით, მაღალი სიჩქარით, გათეთრებამდე ათქვიფეთ კვერცხის გულები და რაფინირებული შაქარი. ნელ-ნელა შუერიეთ რძე.
- მიღებული მასა გაწურეთ წმინდა საცერში და ჩაასხით ყალიბებში.
- ყალიბები ჩაალაგეთ ღრმა საცხობ ტაფაში და ჩაასხით იმდენი ადუღებული წყალი, რომ ყალიბებს შუამდე მოადგეს.
- შედგით ღუმელში 35-45 წუთით. ისე უნდა გამოცხვეს, რომ შუაგული რბილი დარჩეს. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე დაახლოებით 1 საათით. 4 საათით შედგით მაცივარში და გააცივეთ.
- სუფრაზე მიტანის წინ თავზე თანაბრად მოაყარეთ ყავისფერი შაქარი.
- სპეციალური მოსაბრაწი ცეცხლსაფრქვევით მოუბრაწეთ ზედაპირი ისე, რომ შაქარი გადნეს და ოქროსფერ-ყავისფერ კარამელად იქცეს.
- თუ ეს ხელსაწყო არ გაქვთ, მაშინ ყალიბები 3-5 წუთის განმავლობაში გახურებული გრილის ქვეშ მოათავსეთ, 8-10 სმ-ით დაბლა, ვიდრე შაქარი კარამელად არ იქცევა.
- სუფრაზე მიიტანეთ მაშინვე ან მაცივარში გაცივეთ და მოგვიანებით მიირთვით.