მსუბუქი დესერტი, რომელიც ქმარს მოთვინიერებულს ხდის

431

სახლის დესერტებზე უკეთესი არაფერია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მსუბუქი და მარტივი მოსამზადებელია. თქვენთვის ასეთი რეცეპტი გვაქვს. გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ბისკვიტის ტორტი. მარტივი, მაგრამ საიმედო დესერტია, რომელიც ნამდვილად დაგიპყრობთ. Gastronomia.ge–ს რედაქცია შესანიშნავ რეცეპტს გიზიარებთ.

ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • 80 გ ფქვილი
  • 30 გ კაკაო
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 3 კვერცხი
  • 180 გ შაქარი
  • 100 მლ რძე
  • 50 მლ მცენარეული ზეთი

კრემის ინგრედიენტები:

  • 300 მლ არაჟანი
  • 100 გ ხაჭოს ყველი
  • 3 ს/კ შაქრის ფხვნილი
  • 1 ს/კ კაკაო

ჭიქურის ინგრედიენტები:

  • 40 გ კაკაო
  • 50 გ შაქარი
  • 200 მლ რძე
  • 20 გ კარაქი

მომზადების წესი:

1. ბისკვიტით დაიწყეთ. ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი აურიეთ. ცალკე კვერცხი და მწიკვი მარილი ფაფუკი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. თანდათან შაქარი დაუმატეთ, ათქვეფა არ შეწყვიტოთ. ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ.

2. კვერცხის მასას მცენარეული ზეთი და ნახევარი რძე დაუმატეთ. დარჩენილი 50 მლ ბისკვიტის დასანამად დაგჭირდებათ. ნარევი ათქვიფეთ. ნაწილ–ნაწილ ფქვილი დაუმატეთ და მუდმივად აურიეთ. თხელი ცომი მოზილეთ. საცხობ ფორმას კარაქი წაუსვით, შემდეგ ფქვილი მოაყარეთ. ცომი ფორმაში ჩაასხით, გაასწორეთ და 170 გრადუსზე 30-35 წუთით აცხვეთ. ბისკვიტს გაგრილება აცადეთ.

3. ჭიქური მოამზადეთ. კაკაო და შაქარი აურიეთ, რძის ნაწილი დაუმატეთ. ერთგვაროვან მასას დარჩენილი რძე დაუმატეთ. ცეცხლზე დადგით. ადუღების შემდეგ ჭიქური 20 წამით ხარშეთ. მუდმივად აურიეთ. ქურიდან გადმოდგით და მაშინვე კარაქი დაუმატეთ, აურიეთ. ჭიქური გააგრილეთ.

4. სანამ ყველაფერი გრილდება, კრემი გააკეთეთ. არაჟანი, ხაჭოს ყველი და შაქრის ფხვნილი აურიეთ. ფაფუკ და ერთგვაროვან მასას კაკაო დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

5. ტორტი ააწყვეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფორმა, რომელშიც ბისკვიტი გამოაცხვეთ. ბისკვიტი კბილის ჩხირით დაჩხვლიტეთ და რძით დანამეთ. ზემოდან არაჟნის კრემი წაუსვით, თანაბრად გაანაწილეთ, ჭიქური ფრთხილად მოასხით. ტორტი მთელი ღამე მაცივარში შეინახეთ, რომ კარგად გაიჟღინთოს.

ახლა იცით, როგორ მოამზადოთ ბისკვიტის ტორტი. დილით დესერტი მზად იქნება. ფინჯანი ყავა მოადუღეთ და შოკოლადის ბისკვიტის უნაზესი გემოთი ისიამოვნეთ. გემრიელად მიირთვით.