დღეს ყველასთვის საყვარელ კერძს მოვამზადებთ. ხინკლის ფარშისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ღორისა და საქონლის ხორცი, თუმცა, ტრადიციული ფშავური ხინკალი ცხვრის ხორცით მზადდება. ასევე ამზადებენ ხაჭოს, კარტოფილის, სოკოსა და ჭინჭრის ხინკალს.
ინგრედიენტები:
- 500 გ შერეული ხორცის ფარში
- 600 გ ფქვილი
- წყალი – საჭიროების მიხედვით
- 1 კბილი ნიორი
- 3 თავი ხახვი
- შავი პილპილი, მარილი, ძირა და წითელი წიწაკა – გემოვნებით
მომზადების წესი:
- ფარშს ავურიოთ გატარებული ხახვი, ნიორი და სანელებლები, დავუმატოთ იმდენი ცხელი წყალი, რომ წვენი ოდნავ მოიყენოს.
- თასში ჩავყაროთ ფქვილი. თბილ წყალში გავხსნათ მარილი, დავუმატოთ ფქვილი და მოვზილოთ მკვრივი, ელასტიკური ცომი. ცომი ჩავდოთ თასში, გადავაფაროთ ტილო და 30 წუთის განმავლობაში გავაჩეროთ.
- დიდი ქვაბით ცეცხლზე შემოვდგათ წყალი, როცა ადუღდება, მარილი დავუმატოთ და ცეცხლს დავუწიოთ.
- ცომი 1,5 სმ სისქეზე გავაბრტყელოთ, 7 სმ დიამეტრის ჭიქით ამოვჭრათ და შემდეგ ძალიან თხლად გავაბრტყელოთ. ფენის შუაგული უფრო სქელი უნდა იყოს, ვიდრე კიდეები. ფენებს მოვაყაროთ ფქვილი.
- თითოეული ცომის ფენაზე მოვათავსოთ 1 ს.კ. ხორცის ფარში, მოვახვიოთ და თავი კარგად მოვუკრათ. მოხვეული ხინკლები ფქვილმოყრილ ლანგარზე დავაწყოთ.
- ცეცხლს მოვუმატოთ, ქვაბს ამოვურიოთ და ხინკლები მდუღარე მარილიან წყალში ფრთხილად ჩავყაროთ.
- ხინკალი ვხარშოთ თავდახურული და ხანდახან ამოვურიოთ. როცა ადუღდება, თავსახური მოვხადოთ, ამოვურიოთ და კიდევ 1-2-ჯერ წამოვადუღოთ.
- მოხარშული ხინკალი ამოვიღოთ ქაფქირით, ასე ნაკლებად დაზიანდება.