ეს წვნიანი კარგია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალი მარწყვი გაქვთ, გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე. არც იფიქროთ მისი მომზადება გაყინული მარწყვით.
ინგრედიენტები:
- 1 კგ ახალი მარწყვი; დამატებით – 150 გ დაჭრილი, გარნირისთვის
- 1/2 ვანილის ჩხირი, სიგრძეზე გაჭრილი
- 2 სუფრის კოვზი შაქარი
- 1 სუფრის კოვზი ახალგამოწურული ლიმონის წვენი
- 1/3 ფინჯანი (90 მლ) ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი
- 90 მლ მშრალი ღვინო
- 90 მლ თაფლი
- 2 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი
- 2 სუფრის კოვზი ცივი წყალი
- პიტნის ფოთლები, მოსართავად
- ათქვეფილი ნაღები ან ნაყინი, მოსართავად
ულუფა: 6-8
მომზადება: 30 წუთი +2 საათი გასაცივებად
დონე: 1
მომზადების წესი:
- მარწყვი ბლენდერში ათქვიფეთ, შემდეგ გაატარეთ წმინდა საწურში და თესლი მოაცილეთ.
- მარწყვის პიურეს შეურიეთ ვანილის ჩხირის გული, 1 სუფრის კოვზი შაქარი და ლიმონის წვენი.
- ცალკე ქვაბში შეურიეთ ფორთოხლის წვენი, ღვინო და თაფლი. დადგით საშუალო ცეცხლზე და ურიეთ, სანამ თაფლი გადნება. დაუმატეთ მარწყვის პიურე და ოდნავ წამოადუღეთ.
- სიმინდის სახამებელი და წყალი აურიეთ პატარა ჯამში, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ჩაასხით წვნიანი, ურიეთ შესქელებამდე და გადმოდგით ცეცხლიდან. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე.
- გააცივეთ მაცივარში დაახლოებით 2 საათი.
- სუფრაზე მიტანამდე 15 წუთით ადრე მოამზადეთ გარნირი: დაჭრილი მარწყვი დაალაგეთ თეფშზე, დიდი მარწყვები შუა-შუა გაჭერით და მოაყარეთ მორჩენილი შაქარი.
- წვნიანი ჩაასხით 6-8 პატარა ფიალაში ან ფინჯანში. დაჭრილი მარწყვი გაანაწილეთ თანაბრად. სუფრაზე მიიტანეთ ათქვეფილი ნაღებითა და პიტნის ფოთლებით მორთული.