Gastronomia.ge-ს რედაქცია ძალიან მარტივი, გემრიელი და სწრაფი ცომით მომზადებული ღვეზელის რეცეპტს გიზიარებთ. ასეთი ცომი როგორც მარილიან, ასევე ტკბილ შიგთავსს ერთნაირად უხდება, ამიტომ თამამად მოამზადეთ როგორც ბულიონზე ან ჩაიზე მისაყოლებლად.
ინგრედიენტები:
- 150 გრ ხაჭო
- 150 გრ ფქვილი
- 150 გრ ცივი კარაქი
- 1 კვერცხი
- 1 მწიკვი მარილი
მომზადების წესი:
- ნებისმიერი შიგთავსი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად: მოხარშული, დაჭყლეტილი კარტოფილი, დაქუცმაცებული მოხარშული ღორის ხორცის ნაჭერი, ოხრახუში, შემწვარი ხახვი, შავი და წითელი წიწაკა, მარილი. ყველა ინგრედიენტი ცივი უნდა იყოს!
- კომბაინის ჭიქაში, რომელსაც „დანის“ პირი აქვს, ხაჭო, ფქვილი, მარილი და კარაქის ნაჭერი მოათავსეთ. საშუალო ნაფშვენის მიღებამდე დააქუცმაცეთ, ჩანგლით ათქვეფილი კვერცხი დაუმატეთ და რამდენიმე წამში ცომი ერთ გუნდად შეიკვრება. ყველაფერი ძალიან მარტივია.
- ცომი პარკში ან კონტეინერში ჩადეთ და მინიმუმ 2 საათით მაცივარში შეინახეთ. რაც უფრო დიდხანს ჩაცივდება, მით უკეთესი.
- ღუმელი 210-220 გრადუსამდე გააცხელეთ.
- ფქვილ მოყრილ ზედაპირზე ცომი პატარა ნაჭრებად დაყავით და საგორავით წრეებად გააბრტყელეთ, შიგთავსი მოათავსეთ.
- ღვეზელი შეკარით და პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე დააწყვეთ. თუ სურვილი გაქვთ, კვერცხი ან რძე წაუსვით. 20-30 წუთით აცხვეთ.
- ასეთი ღვეზელი მე და ჩემს ოჯახის წევრებს ძალიან გვიყვარს, რადგან ღვეზელი პატარა და ადვილად შესაჭმელია – 1–2 და მზადაა! აუცილებლად სცადეთ, ძალიან გემრიელია!