ლიმონის ტარტი – ნაზი, არომატული და განსაკუთრებული ბისკვიტით

2515

გემრიელი ტარტის ან ღვეზელის გამოცხობის საიდუმლო ცომია. ფირფიტა ერთროულად ნაზი, ხრაშუნა და ფენოვანი უნდა გამოვიდეს, მაგრამ არ უნდა იფხვნებოდეს, ჰქონდეს განსაკუთრებული გემო, რომ ყოველგვარი გულსართისა და ზემოდან წასასმელი ნაზავის გარეშეც სიამოვნებით იჭმებოდეს.

გასტრონომია დღეს ძალიან არომატულ ლიმონის ტარტის რეცეპტს გთავაზობთ.

ინგრედიენტები:

ფირფიტა

  • 250 გ ფქვილი
  • 65 გ შაქრის ფხვნილი
  • 1/4 ჩ.კ. მარილი
  • 2/3 ჭიქა კარაქი (წინასწარ გაცივებული და კუბებად დაჭრილი)
  • 1 დიდი კვერცხი
  • 2 სუფრის კოვზი მაღალკალორიული (ორმაგი ნაღები)

ლიმონის გულსართი

  • 8 მოზრდილი კვერცხი
  • 1½  ჭიქა (300 გრ) შაქრის ფხვნილი
  • 1 ჭიქა ახალგამოწურული ლიმონის წვენი
  • 3 ლიმონის წვრილად გახეხილი ცედრა
  • 1 ჭიქა მაღალკალორიული (ორმაგი) ნაღები

მომზადების წესი:

ფირფიტა

  1. ფქვილი, შაქარი და მარილი კომბაინში ჩაყარეთ. სწრაფად შეურიეთ. დაუმატეთ კარაქი და სწრაფად ურიეთ, სანამ მასა ფხვიერი გახდება.
  2. ურიეთ და თან დაუმატეთ კვერცხი და ნაღები. თქვიფეთ, ვიდრე მასა ერთგვაროვანი გახდება.
  3. ცომი მოათავსეთ გამჭვირვალე ცელოფანზე, 18 სმ-ის სისქეზე გააბრტყელეთ და ცელოფანში შეფუთეთ. შედეთ მაცივარში სულ ცოტა, 30 წუთით (მაქსიმალური დრო – 48 სთ).
  4. ტარტის ფორმას, მოსახსნელი ძირით (28 სმ-იანი), ცოტაოდენი ცხიმი წაუსვით.
  5. ცომს ცელოფანი მოხსენით და გრილ ზედაპირზე, მაგალითად, მარმარილოს დაფაზე მოათავსეთ, რაც ცომს სწრაფად დარბილების საშუალებას არ მისცემს. ცომს ორივე მხრიდან ცოტაოდენი ფქვილი მოყარეთ.
  6. ცომს ორივე მხრიდან თხელი ცელოფანი ან პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ და გააბრტყელეთ 3 მმ სისქეზე, 33 სმ დიამეტრით. თუ შეატყობთ, რომ ცომი ზედმეტად მაგრდება, დროდადრო ცელოფანი მოხსენით და ცოტაოდენი ფქვილი მოაყარეთ. თუ ცომი ზედმეტად ნაზი გამოვიდა, მაცივარში შედგით, რომ ცოტა გამაგრდეს.
  7. ცომის ზედაპირიდან ცელოფანი მოხსენით. საგლინველას (ცომის გასაბრტყელებელი ) ცოტაოდენი ფქვილი მოაყარეთ და ცელოფანის ქვედა ფენის მოსახსნელად, ცომის ქვეშ გაატარეთ.
  8. ცომი ფორმაში ფრთხილად მოათავსეთ. გვერდები ხელით ისე გაასწორეთ, რომ ცომი არ დაიშალოს, ხოლო ის ნაწილი, რომელიც ფორმიდან გადმოვა, უკანვე ჩააბრუნეთ და დაახლოებით 5 მმ სისქის სარტყელი გაუკეთეთ. შეგიძლიათ ცომი გამოცხობამდე კიდევ ერთხელ, ნახევარი საათით, გააცივოთ.
  9. ელექტროღუმელი წინასწარ გააცხელეთ 200 გრადუსზე (აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 6) 20 წუთის განმავლობაში. ფორმაში გამოსაცხობად გამზადებულ ცომს ფოლგის ქაღალდი დააფარეთ. ამოავსეთ გამომშრალი მარცვლეულით (სიმძიმისთვის). 5 წთ-ის განმავლობაში გამოაცხვეთ, შემდეგ ტემპერატურას 190 გრადუსამდე ( აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 5) დაუწიეთ და კიდევ 5 -10 წთ-ით დატოვეთ, ვიდრე ფირფიტა გამაგრდება და მოყავისფრო – ოქროსფერს მიიღებს.
  10. გამომცხვარი ფირფიტა ღია ყავისფერი უნდა იყოს. მზა ფირფიტა გასაგრილებლად დადგით, ამასობაში გულსართი მოამზადეთ.

გულსართი 

  1. ელექტროღუმელი 150 გრადუსამდე გაახურეთ (აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 2) და შედგით თუნუქის ფურცელი.
  2. კვერცხი ჩაახალეთ მოზრდილ ჯამში, დაუმატეთ შაქრის ფხვნილი და სულ რამდენიმე წუთი თქვიფეთ, რომ მასა ქაფისებური არ გახდეს.
  3. ლიმონის წვენი გადაწურეთ წვრილ საწურში. ლიმონის წვენი, ლიმონის ცედრა და ნაღები კვერცხიან მასას დაუმატეთ და შეურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
  4. გულსართი გამომცხვარ ფირფიტაში ჩაასხით.
  5. გამოაცხვეთ 35-40 წუთის განმავლობაში. გულსართი ოდნავ უნდა შეიკრას, შუაგული კი თხევადი დარჩეს.
  6. სუფრასთან მიტანამდე ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ.