ლავაშით მომზადებული ღვეზელები, კომბოსტოს შიგთავსით

1658

რა არის მთავარი ღვეზელში?-რა თქმა უნდა შიგთავსი, და რაც უფრო მეტია იგი, მით უფრო გემრიელია ღვეზელიც. დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ზარმაცი ღვეზელები დიდი რაოდენობის შიგთავსითა და თხელი ხრაშუნა ქერქით.

ლავაშით მომზადებული ღვეზელები

გემრიელი ღვეზელების მოსამზადებლად არ არის აუცილებელი ცომის მოზელა, უბრალოდ გამოიყენეთ ლავაში მის ნაცვლად. ასე მათ უფრო სწრაფად და მარტივად მოამზადებთ. თანაც, ბევრად უფრო თხელი და ხრაშუნა იქნება. ლავაშის ღვეზელები შეგიძლიათ შეწვათ ტაფაზე ან გამოაცხოთ ღუმელში.

ინგრედიენტები

  • 2 ც ლავაში
  • 2 ც კვერცხი
  • 50 მლ წყალი ან რძე
  • 1 ც დიდი ზომის ხახვი
  • 1 ც სტაფილო
  • 250 გრ ხორცის ფარში
  • 250 გრ თეთრი კომბოსტო
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. ხახვი დაჭერით კუბებად, კომბოსტო-წვრილ ნაჭრებად, ხოლო სტაფილო კი დახეხეთ.

2. ტაფაზე შეწვით ფარში, დაუმატეთ ხახვი, სტაფილო, დაახურეთ თავსახური და მოთუშეთ. შემდეგ დაუმატეთ კომბოსტო, მარილი და პილპილი.

3. მოურიეთ და მოთუშეთ დაახლოებით 10 წუთით, შემდეგ კი გააცივეთ.

4. დაჭერით ლავაში მართკუთხედებად. თითოეული ნაჭერი მსუბუქად დაასველეთ წყლით, შემდეგ მათზე შიგთავსი მოათავსეთ და კონვერტივით ან მილებივით გაახვიეთ.

5. ათქვიფეთ კვერცხი რძესთან და მარილთან ერთად.

6. თუ ღვეზელების ტაფაზე შეწვას აპირებთ, თითოეული ღვეზელი ამოავლეთ კვერცხისა და რძის ნაზავში და შეწვით ორივე მხარეს, თავდახურულ ტაფაზე, მცენარეულ ზეთში.

7. თუ ღვეზელების გამოცხობას ღუმელში აპირებთ, საცხობ ლანგარს წაუსვით მცენარეული ზეთი ან დააფინეთ პერგამენტი. ღვეზელები ამოავლეთ რძისა და კვერცხის ნაზავში და საცხობ ლანგარზე მჭიდროდ დაალაგეთ. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით.

ღვეზელები შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცხელ, ისე ცივ მდგომარეობაში. გემრიელად მიირთვით!