კომბოსტოს ღვეზელი, რომელიც ყველაზე პრეტენზიულ სტუმარსაც მოეწონება

355

კომბოსტოს და კვერცხის ღვეზელი შიმშილის პრობლემას წარმატებით აგვარებს. 1–2 ცალი საკმარისია, რომ დიდი ხნით დანაყრდეთ. რამდენიმე დეტალის ცოდნა ღირსეული ღვეზელის გამოცხობაში დაგეხმარებათ. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა დეტალებზეა საუბარი.

კომბოსტოს და კვერცხის ღვეზელი

ზოგჯერ გვეჩვენება, რომ გემრიელი კერძის მოსამზადებლად საუკეთესო კულინარი უნდა გავხდეთ. მოგვიანებით, სამზარეულოში თითქოს ყველაფერს სწორად ვაკეთებთ, მაგრამ გემო ისეთი არაა. ღვეზელს ან რაღაც აკლია ან ძალიან ჰაეროვანი არაა. ეს სამწუხაროა, რადგან საკუთარი თავისა და ახლობლების გემრიელი ცომეულით განებივრება გვსურს.

იდეალური ცომი

შესაძლოა ცომი არასწორად მოამზადეთ. სასურველია, რომ ცომის ყველა ინგრედიენტი მაცივრიდან წინასწარ გამოიღოთ. იზრუნეთ, რომ პროდუქტები ოთახის ტემპერატურის იყოს. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია?

დიახ, ნამდვილად მნიშვნელოვანია. ცომის ინგრედიენტები, რომელთაც გასათბობად დრო ჰქონდათ, ერთმანეთთან რეაქციაში მალე შევლენ. შესაბამისად, ცომი ფაფუკი, რბილი და ჰაეროვანი გამოვა. უდავოდ, ცივი პროდუქტებიც გამოგადგებათ, მაგრამ ასეთი ცომით დიდებულ სიფაფუკეს ვერ მიიღებთ.

შიგთავსი და ცხობის პროცესი

ზოგიერთი ადამიანი კომბოსტოს ღვეზელზე ცხვირს იბზუებს. „უგემურია“ – ამბობენ ისინი. შესაძლოა საქმე შიგთავსშია. თეთრი კომბოსტო საუკეთესო ვარიანტია. კომბოსტო ხახვთან ერთად მსუბუქად შეგიძლიათ შეწვათ, მოხარშული კვერცხი ან შემწვარი სოკო დაუმატოთ. მოკლედ, ექსპერიმენტები შეგიძლიათ ჩაატაროთ. სიტყვაზე, ახალ კომბოსტოს დამუშავება არც სჭირდება. ისედაც გემრიელი გამოვა.

კარგი ღვეზელის გამოსაცხობად ღუმელი არ დაგავიწყდეთ. რეკომენდებულია, წინასწარ გააცხელოთ. თუ ცომეულს ცივ ღუმელში მოათავსებთ, მისი სიფაფუკის ნაწილი ნამდვილად გაქრება. ღუმელის კარი პირველი 20 წუთის განმავლობაში არ გამოაღოთ. ამ პერიოდში ღვეზელი ტემპერატურის ცვლილების მიმართ ძალიან მგრძნობიარეა. ეს გარეგნობაზე ნამდვილად აისახება.

ცომის ინგრედიენტები:

  • 4 კვერცხი
  • 300 მლ რძე
  • 100 გ კარაქი
  • 10 გ მშრალი საფუარი
  • 1 კგ ფქვილი
  • 1,5 ჩ/კ მარილი
  • წიწაკა გემოვნებით

აღსანიშნავია, რომ შიგთავსი წინასწარ კარგად უნდა გარეცხოთ. ზედმეტი სითხე არ გჭირდებათ, ამიტომ დაჭრილი კომბოსტო საწურზე დაწურეთ. ასე სითხეს რამდენიმე წუთში მოიშორებთ. ეს საჭირო და სასარგებლო რჩევაა.

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 500 გ კომბოსტო
  • 5 კვერცხი
  • 2 ხახვი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • დაფნის ფოთოლი
  • სანელებლები

მომზადების წესი:

1. ფქვილი ღრმა თასში გაცერით. მშრალი საფუარი და სანელებლები დაუმატეთ. გამდნარი კარაქი და თბილი რძე ჩაასხით. კვერცხი ცალკე თასში მსუბუქად ათქვიფეთ და საერთო მასას დაუმატეთ. ცომი მოზილეთ, პირსახოცი დააფარეთ და ამოსასვლელად გააჩერეთ.

2. სანამ ცომი ისვენებს, შიგთავსი მოამზადეთ. კვერცხი მოხარშეთ, კომბოსტო დაჭერით. ხახვი და კომბოსტო თხელ ზოლებად დაჭერით.

3. ხახვი მცენარეულ ზეთში ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. კომბოსტო დაუმატეთ და დარბილებამდე მოშუშეთ. სანელებლები და დაფნის ფოთოლი არ დაგავიწყდეთ. როგორც კი კომბოსტო დარბილდება, ქურა გამორთეთ და გაგრილებას დაელოდეთ. კომბოსტოს წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი დაუმატეთ.

4. ცომს დაუბრუნდით. ამოსული ცომი ჩაზილეთ და კვლავ სითბოში გააჩერეთ, რომ ისევ ამოვიდეს. თუ ხელზე გეკვრებათ, ცოტა ფქვილი დაუმატეთ.

5. მზა ცომი ფქვილმოყრილ მაგიდაზე გადაიტანეთ. თანაბარ ნაწილებად დაყავით. ახლა ცომი საგორავით გააბრტყელეთ და სამკუთხედის ან წრის ფორმები გამოჭერით. ღვეზელს ისეთი ფორმა მიეცით, როგორიც მოგწონთ.

6. ღუმელი წინასწარ 180 გრადუსამდე გააცხელეთ. საცხობ ფორმას მცენარეული ზეთი წაუსვით, ღვეზელს ზემოდან ათქვეფილი კვერცხის და სუფრის კოვზი წყლის ნარევი წაუსვით. თუ სურვილი გაქვთ, ღვეზელს ზემოდან სეზამი მოაყარეთ. საცხობ ფორმაზე ნაკერით ქვემოთ დადეთ, რომ არ გაიხსნას. 30-35 წუთით აცხვეთ.

სამზარეულოდან საოცარი სურნელი გამოვა! სუნს არა მხოლოდ ოჯახის წევრები, არამედ მეზობლებიც იგრძნობენ! არ ინერვიულოთ. ამ რეცეპტით 30 ღვეზელს გამოაცხობთ, ამიტომ ყველას ეყოფა. მაგიდაზე ცივ საზაფხულო სასმელებთან და რაიმე სოუსთან ერთად გაიტანეთ. მათთან ერთად კომბოსტოს და კვერცხის ღვეზელი იდეალურ კომბინაციას ქმნის. მშიერი არავინ დარჩება.