„კარამელის მედოკი“: როგორ მოვამზადოთ უნაზესი ტორტი, რომ სტუმრებმა რეცეპტი გთხოვონ

227

თაფლი–კარამელის ფენები და ნაზი აბრეშუმისებრი კრემი ნებისმიერს ჭკუიდან გადაიყვანს. შეჩერება გაგიჭირდებათ. გასაკვირი არცაა, რადგან ნაზი გემო და მდიდარი არომატი აქვს. ჰაეროვანი შიგთავსი პირში დნება.

დესერტის აწყობის საინტერესო მეთოდს ყურადღება მიაქციეთ. კარამელის მედოკი ჩვეულებრივი ტორტივით არ იწყობა, არამედ რულეტივით იხვევა. ამის ხარჯზე, ფენები ერთმანეთს მაქსიმალურად ეკვრის და კრემი მათ კარგად ჟღენთს. მომზადება დროს მოითხოვს, მაგრამ შედეგი ამად ღირს.

როგორ გავაფორმოთ ტორტი „კარამელის მედოკი“ საინტერესოდ

სერვირებაზე ექსპერიმენტები შეგიძლიათ ჩაატაროთ. რულეტი არა სიგანეზე, არამედ სიგრძეზე 4 ნაწილად გაჭერით. მხოლოდ ამის შემდეგ სტანდარტულად დაჭერით. ასე ძალიან ლამაზი ნაჭრები გამოვა, რომელიც სტუმრებს აღაფრთოვანებს. რეცეპტში მითითებული არაა, მაგრამ ბოლოს ტორტს შოკოლადის ჭიქური შეგიძლიათ მოასხათ და კაკალი მოაყაროთ.

ინგრედიენტები:

  • 390 გ ყავისფერი შაქარი
  • 90 გ თაფლი
  • 600 გ ხორბლის ფქვილი
  • 2 გ ლიმონმჟავა
  • 340 გ კარაქი
  • 3 კვერცხი
  • 10 გ სოდა
  • 800 გ არაჟანი

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, არაჟანი უნდა დაწუროთ. ამისთვის ოთხფენად გაკეცილი მარლა საცერში ჩადეთ. ზედმეტი შრატი უნდა დაიწუროს. ასე მზა კრემი სქელი გამოვა.

2. ცომისთვის შაქრის კარამელიზაცია აუცილებელია. სქელძირიანი ჭურჭელი აიღეთ. 210 გ შაქარი ჩაყარეთ და საშუალო ცეცხლზე დადგით. პერიოდულად აურიეთ და ჭურჭელი სხვადასხვა მხარეს დახარეთ. კოვზით მორევა საჭირო არაა.

3. პარალელურად 160 გ კარაქი გაადნეთ და თაფლი დაუმატეთ.

4. მზა კარამელი კარაქსა და თაფლს დაუმატეთ და აურიეთ.

5. ნარევი ოდნავ გააგრილეთ, კვერცხი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე სათქვეფით აურიეთ.

6. ნახევარი ფქვილი დაუმატეთ და აურიეთ. სოდა და ლიმონმჟავა დაუმატეთ. ცომი ოდნავ უნდა აქაფდეს და გაღიავდეს.

7. დარჩენილი ფქვილი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. ცომს პირსახოცი დააფარეთ და 10 წუთით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.

8. თავიდან ცომი თხევადი შეიძლება ჩანდეს, მაგრამ როცა გაცივდება, მასთან მუშაობა გამარტივდება.

9. ცომი 8 ნაწილად გაყავით. ყავისფერი შაქრის წყალობით ცომი საოცარ კარამელის არომატს შეიძენს. მართკუთხედად გააბრტყელეთ.

10. ფენები 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 6 წუთით აცხვეთ. მზა ფენები ერთ ზომაზე გადაჭერით. ზედმეტი კიდეები დაფშვენით.

11. კრემისთვის არაჟანი და 180 გ ყავისფერი შაქარი აურიეთ. მასა 90 წუთით წყლის ორთქლზე დადგით. სპატულით პერიოდულად აურიეთ. 180 გ კარაქი დაუმატეთ და აურიეთ.

12. ფენები დააწყვეთ და კრემი წაუსვით. 1 საათით ან ცოტა დიდხანს გასაჟღენთად გააჩერეთ. მეორე ფენა კრემი წაუსვით. ცოტა კრემი გვერდებისთვის მოიტოვეთ.

13. როცა ფენები კარგად გაიჟღინთება, რულეტი დაახვიეთ. ჯერ ერთი, შემდეგ მეორე ზემოდან გადაახვიეთ და ა.შ. ტორტი პარკში მჭიდროდ გაახვიეთ და მთელი ღამე მაცივარში შეინახეთ.

14. დილით პარკი მოაშორეთ. გვერდებზე კრემი წაუსვით და მაშინვე დაქუცმაცებული ნაფშვენი მოაყარეთ. შემდეგ რულეტი გადმოაბრუნეთ და მასაც კრემი წაუსვით და ნაფშვენი მოაყარეთ.

ასეთი ლამაზი და ძალიან გემრიელი დესერტი მივიღეთ. სადღესასწაულოდ მის მომზადებას გირჩევთ. მის გემოს ნამდვილად დიდი ხნით დაიმახსოვრებთ.