იდეალური პლომბირი შინაურ პირობებში: არავითარი ქიმია, ბავშვობის გემოს გაგახსენებთ

7860

ზაფხულამდე ჯერ კიდევ შორია, მაგრამ ნაყინზე ვერავინ ამბობს უარს ნებისმიერ სეზონზე. თუმცა, მაღაზიის ნაყინები სავსეა არომატიზატორებით, კონსერვანტებითა და ქიმიით, ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ თავადვე მოვამზადოთ ნაყინი შინაურ პირობებში.

ბავშვობიდან ყველასათვის კარგად ნაცნობი პლომბირის რეცეპტში სულ რაღაც 3 ინგრედიენტია. “გასტრონომია” მოგითხრობთ, როგორ მოამზადოთ უგემრიელესი შოკოლადის პლომბირი ყოვეგვარი ნაყინის აპარატის გარეშე. გაახარეთ ბავშვები და ისიამოვნეთ თავად შესანიშნავი ნუგბარით!

ინგრედიენტები

  • 300 მლ შესქელებული რძე
  • 300 მლ ცხიმიანი (25%) ნაღები
  • 90 გრ რძიანი შოკოლადი
  • ერთჯერადი პლასტმასის ან ქაღალდის ჭიქები
  • ნაყინის ხის ჯოხები

მომზადება

1. ათქვიფეთ ნაღები მიქსერით, მასა ორჯერ უნდა გაიზარდოს.

2. ნელ-ნელა დაუმატეთ შესქელებული რძე და განაგრძეთ ათქვეფა.

3. გადაიტანეთ მასა მოხერხებულ ჭურჭელში.

4. დაადნეთ შოკოლადი ორთქლზე ან მიკროტალღურ ღუმელში.

5. ჩაასხით მდნარი შოკოლადი ერთჯერადი ჭიქაში მხოლოდ კედლებზე, ფენა თხელი უნდა იყოს.

6. შედგით ჭიქები საყინულეში 10 წუთით.

7. შეავსეთ ჭიქები ნაყინით, ჩაარჭვეთ ჯოხები და შედგით საყინულეში 5 საათით, ან უმჯობესია მთელი ღამით.

8. როდესაც პლომბირი გაიყინება, ფრთხილად მოაცილეთ ჭიქას.

9. ახლა უკვე იცით, როგორ მოამზადოთ უგემრიელესი პლომბირი შინაურ პირობებში. ასეთი ნაყინი გულგრილს არავის დატოვებს!

10. სხვათა შორის, არ არის აუცილებელი, პლომბირი შოკოლადით მოამზადოთ. შეგიძლიათ უბრალოდ ნაყინის მასა გაყინოთ, შემდეგ კი მიირთვათ ხილთან ან სიროფებთან.

ნაყინი ნაზი, ფაფუკი და საოცრად არომატული გამოდის, მაღაზიის ნაყინებს არაფრით ჩამოუვარდება, თანაც ნატურალურია! მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!