ეს წარმოუდგენელი ხრიკი მთელ სამყაროს ნელ–ნელა იპყრობს. დროა, თქვენც გამოსცადოთ. გაიცანით, იაპონური კარტოფილის დესერტი, რომელიც ქაღალდის ჭიქებში მზადდება. თითქმის ნებისმიერი ცომეული კარტოფილის პიურეზე ან ნახარშზე უბრალოდ წარმოუდგენელი გამოდის.
კარტოფილში შემავალი სახამებლის წყალობით დესერტი სწრაფად ამოდის, მზა დესერტი თავისი სიფაფუკით და სირბილით გვაოცებს. Gastronomia.ge–ს რედაქცია აღნიშნავს, რომ ცომი საფუვრიანია, მაგრამ რთული მანიპულაციები ან ხანგრძლივი მოზელა არ სჭირდება. კარგი დესერტია, რომელიც ნებისმიერ სუფრაზე თავის ადგილს ნამდვილად იპოვის.
როგორ მოვამზადოთ იაპონური კარტოფილის დესერტი
როცა ყველა ინგრედიენტს კოვზით აურევთ, ცომის ხელით მოზელა საჭირო არაა: სილიკონის სპატულით საკმარისია. ოთახის ტემპერატურის პროდუქტების სწორი პროპორციების წყალობით ნამზადი ძალიან დამყოლი გამოდის. სანამ დესერტს ღუმელში მოათავსებთ, გააფორმეთ კაკლით, ყაყაჩოთი, ფერადი მოსაყრელით ან შტრეიზელით.
ინგრედიენტები:
- 100 გ კარტოფილის პიურე
- 1 კვერცხი
- 10 გ საფუარი
- მწიკვი მარილი
- 60 გ შაქარი
- 100 მლ რძე
- 50 გ კარაქი
- 300 გ ხორბლის ფქვილი
მომზადების წესი:
1. კარტოფილის პიურე თასში გადაიტანეთ. შაქარი და ოთახის ტემპერატურის კვერცხი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
2. თბილი რძე ჩაასხით და მწიკვი მარილი დაუმატეთ. ცოცხალი საფუარი დაფშვენით. თუ მშრალს იყენებთ, 3–ჯერ ნაკლები აიღეთ. ერთიანი მასის მიღებამდე აურიეთ.
3. ორთქლზე გამდნარი კარაქი ჩაასხით. გაცრილი ფქვილი დაუმატეთ. ელასტიური ცომი მოზილეთ, პარკი დააფარეთ და 40 წუთი გააჩერეთ.
4. ამ დროში ცომი კარგად ამოვა და თითქმის 2–ჯერ გაიზრდება. ცომი 7-8 ნაწილად გაყავით.
5. ქაღალდის ჭიქები ან ნებისმიერი სხვა ფორმა გამოიყენეთ. შიგნით კარაქი წაუსვით.
6. თითოეულ ჭიქაში ნამზადი ფრთხილად ჩადეთ. ცომი ჭიქის ნახევარს უნდა ავსებდეს. პარკი დააფარეთ და 20-30 წუთი გააჩერეთ.
7. როცა ცომი ჭიქაში კარგად ამოვა, ზემოდან დანით ოდნავ ჩაჭერით.
8. თითოეულ ნახვრეტში ცოტა რბილი კარაქი ჩაასხით.
9. შემდეგ კვერცხის გული წაუსვით. სურვილისამებრ ვანილი მოაყარეთ.
10. დესერტი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთი აცხვეთ.
მზა დესერტი რაღაცით პასკას ან სოკოს ჰგავს: სწორი ფეხით და დიდი ქუდით. თუ დრო გაქვთ, ცილოვანი ჭიქურით მორთეთ. ძალიან მორთული გამოვა.