თუ მაღაზიაში პური არაა ან გარეთ გასვლა გეზარებათ, Gastronomia.ge-ს რედაქცია საფუარის ცომეულის რეცეპტს გთავაზობთ. თურქული პური დალიანდაგებული საბნის ფორმით შიგნით რბილი და გარედან ხრაშუნა გამოდის, ხოლო სეზამის არომატი საოცარ ხიბლს მატებს. გიზიარებთ თურქული ჰაეროვანი პურის მომზადების დეტალურ ინსტრუქციას. პურს შეგიძლიათ კარაქი წაუსვათ ან სხვადასხვა შიგთავსი დაუმატოთ.
ცომის ინგრედიენტები:
- 250 მლ რძე
- 15 გ დაპრესილი საფუარი (ან 5 გ მშრალი საფუარი)
- 7 გ მარილი
- 10 გ შაქარი
- 30 მლ მცენარეული ზეთი (უსუნო)
- 350 გ ფქვილი
ინგრედიენტები ცომზე წასასმელად:
- 1 კვერცხი
- 1 ს/კ რძე
- სეზამი
- მწიკვი მარილი
მომზადების წესი:
1. საფუარი თბილ რძეში გახსენით. შაქარი, მარილი და მცენარეული ზეთი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
2. ფქვილი დაუმატეთ. ჯერ კოვზით აურიეთ, შემდეგ ხელით. ახლა ცომი ფქვილმოყრილ მაგიდაზე გადაიტანეთ და მოზილეთ მანამ, სანამ ცომი ხელზე აღარ მოგეკვრებათ. ცომის მოზელას დაახლოებით 15 წუთი სჭირდება. აუცილებლობის შემთხვევაში, ფქვილი დაუმატეთ.
3. ცომი ერთ გუნდად შეკარით და ზეთწასმულ თასზე გადაიტანეთ. პარკი დააფარეთ და 1 საათით თბილ ადგილას გააჩერეთ.
4. ამოსული ცომი ზეთწასმულ მაგიდაზე გადაიტანეთ. ცომი ჩაზილეთ. პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. სურვილის შემთხვევაში, ქაღალდსაც ზეთი წაუსვით. ცომს პარკი დააფარეთ და 15 წუთით ამოსასვლელად გააჩერეთ.
5. კვერცხი ათქვიფეთ და სუფრის კოვზი რძე, მწიკვი მარილი დაუმატეთ. აურიეთ. ნარევი ცომს წაუსვით. ხელის თითებით ცომის შიგნით წრე გამოიყვანეთ. ამისთვის ცომის კიდედან 2-3 სანტიმეტრის მოშორებით წრიულად თითები დააჭირეთ. წრის შიგნით ვერტიკალური და ჰორიზონტალური ზოლები გააკეთეთ ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.
6. პურს სეზამის მარცვლები მოაყარეთ. გირჩევთ, თეთრი და შავი სეზამის მარცვლები გამოიყენოთ. ასე უფრო ლამაზი გამოდის. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ნახევარი საათით აცხვეთ. მზა პური ღუმელიდან გამოიღეთ და პირსახოცი დააფარეთ, რომ ცოტა დაორთქლდეს. 15-20 წუთში პური მაგიდაზე გაიტანეთ.
7.ესეც ასე, თურქული პური მზადაა. გემრიელად მიირთვით!
თურქული პური შეგიძლიათ წვნიანს, ბოსტნეულის სალათს, ხორცს მიაყოლოთ ან ბუტერბროდი გააკეთოთ. ოჯახის წევრები ასეთ ცომეულს ღირსეულად დააფასებენ.