ვაშლის ღვინო. გემრიელი ალკოჰოლური სასმელის 3 რეცეპტი

345

Gastronomia.ge-ს რედაქცია სახლის პირობებში სხვადასხვა ხილისგან ღვინოს დაყენებას გთავაზობთ. მაგალითად, ალუბლის, გარგარის, ყურძნის ღვინო გააკეთეთ. დღეს ვაშლის ღვინის 3 მარტივ რეცეპტს გიზიარებთ. გიამბობთ, რომელი ტექნოლოგია გამოიყენოთ, სჭირდება თუ არა წყლის დამატება. რეცეპტებს გაეცანით, თქვენთვის ყველაზე მისაღები აირჩიეთ და ხილის ღვინო გააკეთეთ.

ვაშლის ღვინო ლიმნით და საფუარით

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ვაშლი
  • 1,5 კგ შაქარი
  • 4,5 ლ წყალი
  • 1 ს/კ დარიჩინი
  • 20 გ საფუარი
  • 2 ლიმონი

მომზადების წესი:

გარეცხილი ვაშლი დაჭერით, მდუღარე წყალი დაასხით, სიმძიმე დაადეთ და 4 დღე გააჩერეთ. შემდეგ სითხე გადაწურეთ, ლიმნის წვენი, დარიჩინი და საფუარი დაუმატეთ. ბნელ გრილ ადგილას შეინახეთ. დუღილის პროცესის დასრულების შემდეგ მასას აურიეთ და 2–3 დღე გააჩერეთ. ბოლოს ღვინო გადაწურეთ და პატარა კასრში ჩაასხით. 6 თვის შემდეგ ბოთლებში ჩაასხით და გრილ ადგილას შეინახეთ.

ვაშლის ღვინო დარიჩინით

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ვაშლი
  • 700 გ შაქარი
  • 1 ს/კ დარიჩინი
  • 2 ლ წყალი

მომზადების წესი:

გარეცხილი და დაჭრილი ვაშლი ქვაბში ჩაყარეთ. წყალი და დარიჩინი დაუმატეთ. ქურაზე დადგით. ხილის სრულად დარბილებამდე ხარშეთ. სითხე გადაწურეთ და დუღილის პროცესისთვის გააჩერეთ. დადუღების შემდეგ შაქარი დაუმატეთ და 2–3 დღე გააჩერეთ. ისევ გადაწურეთ. ბოთლებში ჩაასხით და ბნელ გრილ ადგილას შეინახეთ.

ვაშლის ღვინო თაფლით

ინგრედიენტები:

  • 3 ლ ნატურალური ვაშლის წვენი
  • 1 კგ თაფლი
  • 3 ლ წყალი
  • ღვინის საფუარი

მომზადების წესი:

ვაშლის წვენი ქვაბში ჩაასხით და 80-90 გრადუსამდე გააცხელეთ. (100 გრადუსს არ უნდა გადასცდეს). თაფლი წყლის ორთქლზე გააცხელეთ. თხელი თაფლი ვაშლის წვენს დაუმატეთ და აურიეთ. ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ. საფუარი ინსტრუქციის მიხედვით დაუმატეთ. ჭურჭელს პარკი დააფარეთ და 7-8 დღე გააჩერეთ. ამის შემდეგ გადაწურეთ და ბნელ გრილ ადგილას 30-60 დღე შეინახეთ. რამდენიმე თვეში ბოთლებში ჩაასხით და ბნელ გრილ ადგილას 1 კვირა შეინახეთ. ამის შემდეგ უკვე დაგემოვნება შეგიძლიათ.

გახსოვდეთ, რომ ძველი ღვინო უფრო გემრიელია. ვაშლის ღვინოს სახლის პირობებში მომზადება აუცილებლად სცადეთ.