ვარენიკის ცომი მზადდება უკვერცხოდ – რძეზე, წყალზე, კვერცხის გულზე ან მთლიან კვერცხზე. ცომი ძალიან უნდა გაბრტყელდეს. ცომის გაბრტყლების დროს ცოტა პურის ფქვილი უნდა იხმაროთ, რომ ვარენიკი ნაზი და გემრიელი გამოვიდეს.
ვარენიკს უნდა ჰქონდეს ნახევარმთვარისებური მოყვანილობა, რომელიც შემდეგნაირად მიიღება: გაბრტყელებული ცომი ჭიქის პირით ამოიჭრება, თითოეულ ცომზე მოთავსდება სასურველი პროდუქტი, ცომს გარშემო ნაპირზე წაესმის კვერცხის ცილა, გადაიკეცება, ნაპირები შეერთდება და ვარენიკს მიეცემა ნახევარმთვარისებური მოყვანილობა. ვარენიკი პატარ-პატარა ოდენობის უნდა მომზადდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოუხარშავი რჩება.
ვარენიკის მოხარშვა:
ქვაბში ჩაისხმება წყალი, ჩაიყრება ცოტა მარილი და ადუღდება. მდუღარე წყალში სათითაოდ ჩალაგდება წინასწარ გამზადებული ვარენიკები და იხარშება, სანამ ისინი წყლის ზედაპირზე არ ამოტივტივდებიან (დაჭირდება დაახლოებით 15-20 წუთი). მოხარშული ვარენიკები წყლიდან ქაფქირით ამოლაგდება, შესაფერ ჭურჭელზე დაიწყობა და ზემოდან გადაესხმება შიგთავსის შესაფერი მასალა, მაგალითად, ხილ-კენკრის შაქრიანი სიროფი, არაჟანი და ერბო.
ვარენიკის მომზადების წესების დაცვის დროს შაქარი, ერბო და არაჟნის პროპორცია ყოველ დიასახლისს შეუძლია თავისი გემოვნების მიხედვით შეცვალოს, ამითი მისი ხარისხი არ შეიცვლება. ცხადია, აქ ლაპარაკია მომზადებული ვარენიკების ზემოდან გადასასხმელ პროდუქტებზე და არა თვით მათი ცომის მომზადების შესახებ.