ვამზადებთ მოხარშულ კრემს ტორტისთვის, ნამცხვრისა და ეკლერისთვის: 5 ვარიანტი

1473

ნაზი, ტკბილი მოხარშული კრემი გემრიელი ტორტის, ნამცხვრის და ეკლერის განუყრელი ნაწილია. Gastronomia.ge-ს რედაქცია მოხარშული კრემის მომზადების 5 ვარიანტს გთავაზობთ.

მოხარშული კრემი „ბებისეული“

ინგრედიენტები:

  • 5 კვერცხი
  • 1 ჭიქა რძე
  • ½ ჭიქა შაქარი
  • 1 პაკეტი ვანილი
  • 2 ს/კ ფქვილი
  • 200 გრ კარაქი

მომზადების წესი:

ფქვილი და შაქარი აურიეთ. კვერცხი დაუმატეთ და ყველაფერი მიქსერით კარგად ათქვიფეთ. ვანილი დაუმატეთ. რძე აადუღეთ და კვერცხის მასას დაუმატეთ. მიკროტალღურ ღუმელში 7-10 წუთით ხარშეთ, ყოველ 2 წუთში აურიეთ. მიღებული ფაფა მიქსერით ათქვიფეთ და ცოტა ხნით გააჩერეთ. მაცივარში არ შეინახოთ. კარაქი მიქსერით კარგად ათქვიფეთ და სუფრის კოვზობით ცივი ფაფა დაუმატეთ. მუდმივად აურიეთ. ძალიან ნაზი და გემრიელი კრემი გამოვა. თუ 300-400 გრ კარაქს დაუმატებთ, კრემი უფრო გემრიელი და ნაზი გამოვა. მოხარშული კრემი შეგიძლიათ დესერტს წაუსვათ – მარტივი და გემრიელია.

უნივერსალური მოხარშული კრემი

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა რძე
  • 2 კვერცხი
  • 3 ს/კ ფქვილი
  • 1 ჭიქა შაქარი

მომზადების წესი:

1 ჭიქა რძე, კვერცხი და ფქვილი აურიეთ. ნარევში შეიძლება გოროხები დარჩეს, მაგრამ ყურადღება არ მიაქციოთ, ბოლოს დაიშლება. 1 ჭიქა რძე და შაქარი აურიეთ, გაზქურაზე დადგით და ნელ ადუღებამდე მიიყვანეთ. ცხელ ნარევს რძის, კვერცხის და ფქვილის ნარევი დაუმატეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ, მუდმივად აურიეთ. გაზქურიდან გადმოდგით, აურიეთ და რამდენიმე წუთში კრემი მზად იქნება. საბოლოოდ 500 გრ მოხარშული კრემი გამოვა.

მოხარშული კრემი ყავით

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა ძლიერი ყავა (2 ს/კ დაფქული ყავით მომზადებული)
  • 3 ს/კ შაქარი
  • 2 კვერცხის გული
  • 2 ს/კ (30 გრ) ფქვილი
  • 0,5 ჭიქა 20%–იანი ნაღები
  • 50 გრ კარაქი

მომზადების წესი:

შაქარი ტაფაზე შეაწითლეთ, ცოტა ცხელი წყალი დაუმატეთ, სიროფი მოხარშეთ და ყავის ექსტრაქტი დაუმატეთ. შეწითლებული შაქარი კრემს მუქ შეფერილობას ანიჭებს. კვერცხის გული დარჩენილ შაქართან ერთად ათქვიფეთ. ფქვილი დაუმატეთ, ჯერ ცივი ნაღები დაუმატეთ და აურიეთ, შემდეგ ყავა და გასქელებამდე შეათბეთ. კარაქი დაუმატეთ და გააგრილეთ. ხსნადი ყავით კრემის მომზადებისას რძიანი კრემი მოხარშეთ და ყავით მორთეთ.

მოხარშული კრემი „გლიასე“

ინგრედიენტები:

  • 250 გრ კარაქი
  • 150 გრ შაქარი
  • 3 კვერცხი
  • დანის წვერით ვანილი
  • 1 ჩ/კ კონიაკი ან დესერტის კოვზით ღვინო

მომზადების წესი:

შაქარი და წყალი 4:1 თანაფარდობით აურიეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ და შაქრის სრულად გახსნამდე ადუღეთ. ცივი კვერცხი მყარი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ, ათქვეფა არ შეწყვიტოთ და წვრილად ცხელი სიროფი დაუმატეთ. ათქვიფეთ მანამ, სანა მასის ტემპერატურა ოთახის ტემპერატურამდე არ შემცირდება. ბოლოს ვანილი, კონიაკი ან ღვინო დაუმატეთ. კაკაოს ფხვნილის დამატების შემთხვევაში შოკოლადის კრემს მიიღებთ.

მოხარშული კრემი თეთრი შოკოლადით

ინგრედიენტები:

  • 90 გრ წვრილად გახეხილი თეთრი შოკოლადი
  • 4 კვერცხის გული
  • 50 გრ შაქრის ფხვნილი
  • 225 მლ რძე
  • 75 მლ ცხიმიანი ნაღები

მომზადების წესი:

90 გრ წვრილად გახეხილი თეთრი შოკოლადი თასში მოათავსეთ და გვერდზე გადადეთ. პატარა თასში 4 კვერცხის გული და 50 გრ შაქრის ფხვნილი სათქვეფით ათქვიფეთ. ორლიტრიანი ქვაბი ცეცხლზე დადგით და 225 მლ რძე და 75 მლ ცხიმიანი ნაღები ადუღებამდე მიიყვანეთ. ცოტა ცხელი რძის ნარევი კვერცხის ნარევთან ერთად ათქვიფეთ. ნელ–ნელა კვერცხის მასა ცხელი რძის ნარევს დაუმატეთ. სწრაფად აურიეთ, რომ გოროხები არ წარმოიშვას. ცეცხლს დაუწიეთ და ხარშეთ, მუდმივად აურიეთ. 5 წუთი საკმარისია. ნარევი ოდნავ უნდა გასქელდეს. ნარევის ტემპერატურა 67°C უნდა იყოს, ადუღებამდე არ მიიყვანოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში აიჭრება. ნარევი შოკოლადს დაასხით, კარგად აურიეთ. თეთრი შოკოლადი ბოლომდე არ გადნება. მოხარშული თბილი კრემი სუფრაზე შეგიძლიათ გაიტანოთ. ასევე შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ და სუფრაზე მოგვიანებით გაიტანოთ. საბოლოოდ 600 მლ კრემი გამოვა.