დღესასწაული ახლოვდება. გამოაცხვეთ ნაზი ორცხობილები დარჩენილი კვერცხის ცილებისგან

201

ზოგჯერ დესერტებს ცხობისას სჭირდება მხოლოდ კვერცხის ნაწილი, მაგალითად, გული. ამ დროს ჩნდება კითხვა, სად წავიღოთ კვერცხის ცილა. ერთი ვარიანტია პატარა ჰერმეტულ კონტეინერში ჩაასხათ და საყინულეში შეინახოთ, სანამ დაგჭირდებათ. Gastronomia.ge–ს რედაქცია გირჩევთ, გემრიელი დესერტი მოამზადოთ და ოჯახის წევრები გაახაროთ. კვერცხის ცილისგან ბეზეს გამოცხობა შეგიძლიათ.

შინ გამომცხვარი ბეზე

ბეზე კვერცხის ცილებისგან და შაქრისგან ან შაქრის ფხვნილისგან მზადდება. თუ ფერადი ბეზეს მომზადება გსურთ, საკვები საღებავი დაუმატეთ. გიზიარებთ ბეზეს მომზადების ფრანგულ რეცეპტს.

ინგრედიენტები:

  • 100 გ კვერცხის ცილა
  • 200 გ შაქრის ფხვნილი

მომზადების წესი:

1. თასი და მიქსერის ფეხები კარგად გაამშრალეთ. კვერცხის ცილები თასში გადაიტანეთ და მიქსერით დაბალ სიჩქარეზე ათქვეფეთ. ნელ–ნელა სიჩქარე გაზარდეთ, თან ცილებს შაქარი დაუმატეთ. სქელ ბეზეში შაქრის კრისტალები გაუხსნელი არ უნდა დარჩეს.

2. საცხობ ფორმას პერგამენტი დააფინეთ და ბეზე კოვზით ან საკონდიტრო ტომრით გადაიტანეთ.

3. 100-120 გრადუსზე მინიმუმ 1 საათით აცხვეთ. ღუმელის კარი ოდნავ შეაღეთ. ბეზეს შეგრილებას დაელოდეთ და მზა დესერტი ღუმელიდან გამოიღეთ.

ბეზეს სხვა რეცეპტები

შვეიცარიელები ბეზეს ფრანგული რეცეპტით ამზადებენ, მაგრამ მცირე ცვლილებით. ათქვეფამდე ცილებისა და შაქრის მასას წყლის ორთქლზე 50-70 გრადუსამდე აცხელებენ. იტალიელები ბეზეს კვერცხის ცილებით და შაქრის სიროფით აკეთებენ.

ინგრედიენტები:

  • 100 გ კვერცხის ცილა
  • 200 გ შაქრის ფხვნილი
  • 100 მლ წყალი

მომზადების წესი:

1. წყალი პატარა ქვაბში ჩაასხით და შეათბეთ. შაქარი დაუმატეთ, ცეცხლს დაუწიეთ და სიროფი ხარშეთ. როცა ნარევი 20 გრადუსამდე გაცხელდება, ქურიდან გადადგით.

2. კვერცხის ცილები ათქვიფეთ. თანდათან სიროფი დაუმატეთ.

3. ასეთი ბეზე არ უნდა გამოაშროთ, არამედ დესერტებში რბილი გამოიყენოთ. ბეზე სანთურით ან გრილის ქვეშ მოწვით.

ბეზე კაკლით და შოკოლადით

თუ ორიგინალური ბეზეს მომზადება გსურთ, მშრალი ინგრედიენტები, მაგალითად, კაკალი, დაუმატეთ. ბეზე კარგად რომ ამოვიდეს, კაკალი მოხალეთ და დესერტში დამატებამდე გააცივეთ. ნუში, თხილი, მიწისთხილი ან ნიგოზი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მოამზადეთ ბეზე კაკლით და შოკოლადის ნატეხებით.

ინგრედიენტები:

  • 100 გ კვერცხის ცილა
  • 200 გ შაქრის ფხვნილი
  • ვანილი (დანის წვერით)
  • 1 ჩ/კ ლიმონის წვენი
  • 20 გ სიმინდის სახამებელი
  • 70 გ დაქუცმაცებული კაკალი
  • 50 გ  დაქუცმაცებული შოკოლადი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

1. ღუმელი 100-150 გრადუსამდე გასახურებლად ჩართეთ. ცილებს მწიკვი მარილი დაუმატეთ და დაბალ სიჩქარეზე მიქსერით ათქვეფეთ. ოთახის ტემპერატურის კვერცხი გამოიყენეთ. თანდათან სიჩქარე მოუმატეთ. ამოსულ ქაფს შაქრის ფხვნილი და ვანილი დაუმატეთ და ჰაეროვანი მასის მიღებამდე ათქვეფეთ.

2. ლიმონის წვენი დაუმატეთ. მყარი ქაფი უნდა მიიღოთ. შემდეგ სიმინდის სახამებელი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

3. ბოლოს კაკალი და შოკოლადი დაუმატეთ და აურიეთ.

4. საცხობ ფორმას პერგამენტი დააფინეთ და ბეზე კოვზით გადაიტანეთ. 30 წუთით აცხვეთ. ღუმელის კარი ცხობისას არ გააღოთ!

5. მზა დესერტი ღუმელიდან მაშინვე არ გამოიღოთ. ღუმელის კარი ოდნავ შეაღეთ, დესერტის შეგრილებას დაელოდეთ და რამდენიმე წუთის შემდეგ ღუმელიდან გამოიღეთ.