გავითვალისწინეთ უმრავლესობის ლტოლვა ყავისადმი და მოვიძიეთ მსოფლიოში გავრცელებული ყავის რეცეპტები

1606

ყავის სამშობლოა ეთიოპია და სამხრეთ არაბეთი. ცნობილია ასი ჯიშის ყავა. მისი მარცვალი მდიდარია არომატული ნივთიერებებით და ალკალოიდებით, ძირითადად კი, კოფეინით.

ყავას სიამოვნებით სვამენ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, მხოლოდ, მეტ-ნაკლებად მისგან თავს  იკავებენ  ინგლისელები, უნგრელები, ჩინელები, მონღოლები და იაპონელები, რადგან თვლიან, რომ ყავა სასარგებლო არ არის.

აღმოსავლეთში ყავის სმის ასეთი წესი აქვთ: მას კი არ სვამენ, შეისრუტავენ ხოლმე და შემდეგ ცივ წყალს აყოლებენ. საქართველოში კი, მოგეხსენებათ, ყავას რომ დალევენ, გადააბრუნებენ ხოლმე ჭიქას.

ყავის ხე ცოცხლობს 12 წელიწადს, ნაყოფს მესამე წელს ისხამს. ეს ხე ყვავის და ნაყოფს იძლევა მთელი წლის მანძილზე, მაგრამ ძირითადად მოსავალს გაზაფხულზე კრეფენ.

ჩვენდა სასიხარულოდ გაცნობებთ, რომ ქართველი “მიჩურინელები” ცდილობენ, გამოიყვანონ ყავის ხის ახალი 101-ე ქართული ჯიში. მაშინ მშობლიური ყავა თავზესაყრელი გვექნება და ქვემოთ მოცემული რეცეპტებით მომავალში ნამდვილად ვეღარ დავკმაყოფილდებით:

შემოგთავაზებთ რამდენიმე რეცეპტს:

შავი ყავა. მის მოსამზადებლად რეკომენდებულია მხოლოდ ნატურალური, მაღალი ხარისხის ყავის მარცვლები. შეიძლება ერთმანეთში გადავურიოთ სხვადასხვა ხარისხის ყავაც. ნედლი ყავა უნდა მოვხალოთ და დავფქვათ. მოხალვისას ყავა არ უნდა დავწვათ, მისი ფერი უნდა იყოს მოწაბლისფრო-ყავისფერი. ჩვეულებრივ, ერთი ულუფა 1 გრამ ყავას შეადგენს. ორი ულუფა სამი გრამისგან მზადდება. თუ გნებავთ, უფრო მაგარი და კარგი გამოვიდეს, ერთი ულუფა 5 გრამამდე უნდა აიყვანოთ. ასეთ ყავას ხარშავენ და მაშინვე ცხელ-ცხელს სვამენ.

შავი ყავა-II ვარიანტი. 3/4 ლიტრი წყალი, 50 გრამი დაფქვილი ნატურალური ყავა, შაქარი გემოვნებით.

დაფქვილი ყავის ნახევარს ვყრით სპეციალურ ყავადანში. ვასხამთ წყალს. ვხარშავთ 2-3 წუთს, ვუმატებთ დარჩენილ ნახევარს, ვხარშავთ და გაზქურიდან გადმოდგმის შემდეგ ვაჩერებთ თავდახურულს 10 წუთს. ჩავასხამთ გაცხელებულ ყავის ჭიქებში. შავი ყავა სუფრასთან მიტანისას უნდა იყოს ძალიან ცხელი. ნატურალურ ყავას ამზადებენ, აგრეთვე, ვარდკაჭაჭასთან ერთად. სასურველია ათქვეფილი ნაღებიც.

ნატურალური ყავა რძით. 1/2 ლიტრი წყალი, 20 გრამი ნატურალური ყავა, 20 გრამი ქერის ყავა, 1/2 ლიტრი რძე. 60-80 გრამი შაქარი. გაწურული ყავის ნაყენი უნდა შევურიოთ ადუღებულ რძეს, ან ნაღებს.

ყავა დამწვარი შაქრით. ამ სასმელს სვამენ ჭამის შემდეგ პიკნიკზე, ან სადილის შემდეგ. ყავის ჭიქაზე, რომელშიც ძალიან ცხელი და მაგარი ყავა ასხია, დაიჭერთ კოვზს  შაქრის ნატეხით, დაასხამთ კონიაკს და ცეცხლს მოუკიდებთ. როცა ალი გაქრება, კოვზზე დარჩენილ მასას ჭიქაში გადმოიტანთ და კარგად მოურევთ. შეგიძლიათ, დაუმატოთ ერთი მწიკვი დარიჩინიც.

ყავა ირლანდიურად. ეს სასმელი საოცრად ამხნევებს და ახალისებს. ფართოკედლებიან ბოკაში ჩავასხამთ 1/3 მოცულობის ირლანდიურ ვისკს ან არაყს და დავუმატებთ ცხელ მაგარ ყავას, შემდეგ შაქარს, გემოვნებით. მოვურევთ, ჩავდებთ ახალ ათქვეფილ ნაღებს ისე, რომ ზედაპირზე ტივტივებდეს.

ყავა არაბულად. არაემალირებული ყავადანის ფსკერზე ჩავყრით შაქრის ფხვნილს და დავდგამთ ცეცხლზე, როცა შაქარი მიიღებს ყავისფერს, დავასხამთ წყალს. ადუღების შემდეგ გადმოვდგამთ ცეცხლიდან, ჩავყრით დაფქვილ ყავას და წამოვადუღებთ. ასეთ ყავას შეიძლება დავუმატოთ ვარდკაჭაჭაც.

ქერის ყავა. 40 გრამ ქერის ყავა, 1/2 ლიტრი წყალი, 5 გრ ვარდკაჭაჭა, 1/2 ლიტრი რძე.

ქერის ყავას ყავის საფქვავში დავფქვავთ. ყავის მოსადუღებლად განკუთვნილ ჭურჭელში ჩავასხამთ წყალს, ჩავყრით დაფქვილ ყავას, დავუმატებთ ვარდკაჭაჭას და ვადუღებთ 1-2 წუთის განმავლობაში. გადმოვდგამთ გაზქურიდან, დავასხამთ ცივ წყალს და მჭიდროდ დავახურავთ თავსახურს. ყავა რომ დადგება, გადავასხამთ ჭიქებში და დავუმატებთ ცხელ რძეს. რძე შეგვიძლია ცალკეც მივიტანოთ სუფრასთან. შეგვიძლია, აგრეთვე, ქერის ყავას დავუმატოთ 10-12 გრამი ნატურალური ყავა და ისე მოვხარშოთ.