ეს ის ხაჭაპურია, რომელმაც პირველმა შეაღწია ამერიკულ რესტორნებში, მოკლე დროში ადგილი დაიმკვიდრა და ვაშინგტონ პოსტის, ნიუ იორკ ტაიმსის, ჰაფინგტონ პოსტის და სხვათა ყურადღების ცენტრში მოექცა – დიახ ეს აჭარული ხაჭაპურია!
ინგრედიენტები:
- ფქვილი 500-600 გ
- წყალი 1 ჩაის ჭიქა
- საფუარი20 გ
- შაქარი 20 გ
- კვერცხი 7 ცალი
- იმერული ყველი 400 გ
- კარაქი 100-120 გ
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
ფქვილი ჩავყაროთ ჯამში, შუაში ჩავაღრმავოთ, ჩავასხათ შიგ საფუვრიანი, მარილით და შაქრით შეზავებული თბილი წყალი და მოვზილოთ ცომი. კარგად შევფუთოთ და დავდგათ თბილ ადგილას გასაღვივებლად დაახლოებით 3-4 საათი. შემდეგ დავყოთ გუნდებად დავაცადოთ კიდევ აფუება.
ცალკე მოვამზადოთ ხაჭაპურის ჩასართი:
- ერთად ავურიოთ წინასწარ მარილგაცლილი და ხორცსაკეპში გატარებული, ან ხელით დაქუცმაცებული ყველი და კვერცხი.
- გამზადებული ცომის გუნდა ხელით გავაბრტყელოთ, მივცეთ მრგვალი ან ნავისებრი ფორმა, ამოღრმავებულ ნაწილში ჩავდოთ ჩასართი ისე, რომ ნაპირებამდე 3 სმ დარჩეს, ნაპირები შემოვუკეცოთ და შევდგათ აირღუმელში საშუალო ცეცხლზე გამოსაცხობად. 10-15 წუთის შემდეგ გამოვიღოთ, შუაში ჩავტეხოთ 1 ცალი კვერცხი და კვლავ შევდგათ ღუმელში.
- 5 წუთში ხაჭაპური მზადაა. გადმოვიღოთ თეფშზე, ჩავდოთ შუაში კარაქის პატარა ნაჭერი და მივიტანოთ სუფრაზე.