აჭარული ბაქლავა – შეუდარებელი, თხელი ფენოვანი ცომი და ნიგვზის უგემრიელესი გულსართი

3783

ბაქლავა აღმოსავლურ სამზარეულოში გავრცელებული ნამცხვარია, რომელიც თხელი, ფენოვანი ცომის, ნიგვზისა და თაფლისგან/შაქრისგან მზადდება. ქართულ სამზარეულოში ეს დესერტი თურქული გავლენის შედეგად შემოვიდა და მისი აჭარული ვერსია შეიქმნა.

ინგრედიენტები:

გულსართისთვის:

  • გატარებული ნიგოზი – 800 გ
  • შაქარი – 400 გ

სიროფისთვის: 

  • შაქარი – 400 გ
  • წყალი – 600 მლ

ცომისთვის: 

  • ფქვილი – 1 კგ
  • კვერცხი – 1 ცალი
  • კარაქი – 500 გ (100 გ ცომისთვის; 400 გ ცომის ფენებზე გადასასმელად)
  • შაქარი – 10 გ
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. კვერცხი, 100 გ გამდნარი კარაქი, შაქარი და მარილი აურიეთ ერთმანეთში. თასში ჩაყარეთ ფქვილი, ამოაღრმავეთ და შიგ ჩაასხით კვერცხის, კარაქის, მარილისა და შაქრის ნაზავი. ზილეთ დიდხანს, დაახლოებით 30-35 წუთს. ცომი შეფუთეთ და ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.
  2. 15-20 წუთის შემდეგ ცომი დაანაწილეთ 40 პატარა ბურთულად და სათითაოდ გააბრტყელეთ ძალიან თხელ ფენებად. გაბრტყელებული ცომის ფენა დააფინეთ საცხობ ლანგარზე და ფუნჯით წინასწარ გამდნარი კარაქი გადაუსვით. ზემოდან დაადეთ მომდევნო ცომის ფენა და კვლავ კარაქი გადაუსვით. ხუთ ფენას თხლად, თანაბრად მოაყარეთ შაქრისა და ნიგვზის ნაზავი. ეს თანმიმდევრობა გაიმეორეთ რამდენჯერმე, სანამ ცომის ფენები არ გათავდება. ბოლოს ბაქლავა დასერეთ პატარა რომბებად და შედგით ღუმელში გამოსაცხობად.
  3. აცხვეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთის განმავლობაში. ღუმელიდან გამოღებისთანავე ბაქლავას მოასხით შაქრისა და წყლისგან მომზადებული ცხელი სიროფი და კარგად შეფუთეთ. სასურველია, თუ მთელი ღამით გააჩერებთ, რათა გაცივდეს და სიროფი ცომის ფენებს კარგად გაუჯდეს.