აღნიშნეთ ტორტის საერთაშორისო დღე ამ არაჩვეულებრივი რეცეპტით

1366

20 ივლისს აღინიშნება ახალი უჩვეულო დღესასწაული-ტორტის საერთაშორისო დღე.

ეს დღესასწაული რუსეთში, ენთუზიასტების ჯგუფმა 2009 წელს მოიგონა. პირველად კი იგი 2011 წლის 20 ივლისს აღინიშნა.

ქვეყნები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ტორტის საერთაშორისო დღის აღნიშვნაში, გახლავთ: რუსეთი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, აზერბაიჯანი, ბელარუსი, სომხეთი, ისრაელი და აშშ. იმ დღეს, მსოფლიოში პირველი “მრავალეროვანი” სამშვიდობო ნამცხვარი გამოცხვა: მის მომზადებაში ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან.

ჩვენ ამ დღესასწაულის აღნიშვნას და მის საპატივცემულოდ უგემრიელესი ტორტის- “შავი ტყის ტორტის” გამოცხობას გთავაზობთ.

ინგრედიენტები

  • 8 ც კვერცხი
  • 2 ც კვერცხის გული
  • 350 გრ შაქრის პუდრი
  • 200 გრ ვიშნა კურკების გარეშე
  • 200 გრ ხორბლის ფქვილი
  • 100 გრ შავი შოკოლადი
  • 20 გრ კარაქი
  • 680 მლ 35%-იანი ნაღები
  • 500 მლ 22%-იანი ნაღები
  • 140 მლ რძე
  • 75 მლ ვიშნის ლიქიორი
  • 2 ს.კ. კაკაოს ფხვნილი
  • 1 ს.კ. ჟელატინი
  • 1 ცალი დარიჩინი

მომზადების წესი

  1. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. გააღვივეთ ჟელატინი წყალში ერთი და ნახევარი საათით. პატარა ქვაბში ჩაასხით 22%-იანი ნაღები და რძე, დაუმატეთ 100 გრ შაქრის პუდრი და კარგად გააცხელეთ, ოღონდ არ მოადუღოთ.
  2. დაუმატეთ ნაზავს ჟელატინი და 25 მლ ლიქიორი, მოურიეთ, გააცივეთ, შემდეგ კი რამდენიმე საათით მაცივარში მოათავსეთ, რომ ჟელე გამაგრდეს.
  3. ორთქლზე გაადნეთ შოკოლადი. 50 გრ შაქრის პუდრი გახსენით 45 მლ თბილ წყალში. ათქვიფეთ კვერცხის გულები. გამდნარ შოკოლადს დაუმატეთ შაქრის სიროფი და ათქვეფილი კვერცხის გული და კარგად მოურიეთ.
  4. მიქსერით ათქვიფეთ 180 მლ 35%-იანი ნაღები და თანდათან დაუმატეთ შოკოლადიან მასას. შემდეგ კი შედგით მაცივარში.
  5. ათქვიფეთ კვერცხი 150 გრ შაქრის პუდრთან ერთად, დაუმატეთ კაკაოს ფხვნილი, გაცრილი ფქვილი და ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად აურიეთ.
  6. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი. ცომისგან ორი ფენა უნდა მოამზადოთ, მოათავსეთ გაცხელებულ ღუმელში ცომი და 15-20 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ.
  7. ვიშნა მოათავსეთ პატარა ქვაბში (ცოტაოდენი კენკრა შეინახეთ), დაუმატეთ 50 მლ ლიქიორი, 50 გრ შაქრის პუდრი, დარიჩინი, 3 ს.კ. წყალი და ნახევრად მოადუღეთ ყველაფერი დაბალ ცეცხლზე, შემდეგ ამოიღეთ დარიჩინის ღერო. ათქვიფეთ დარჩენილი 35%-იანი ნაღები.
  8. მზა ფენებს მოასხით ვიშნის სიროფი, ზემოდან ცოტაოდენი ვიშნა დაალაგეთ. შემდეგ მთელს სივრცეზე თანაბრად გადაანაწილეთ ნაღებისგან მომზადებული ჟელე, ზემოდან კი შოკოლადის კრემი წაუსვით. ამის შემდეგ ათქვეფილი ნაღები წაუსვით და გააფორმეთ ტორტი დარჩენილი ცოცხალი ვიშნით.

გემრიელად მიირთვით!